საფრანგეთში ვაქცინაციის ცენტრი მსურველების ნაკლებობის გამო დაიკეტა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იძულებული გახდა შაბათ-კვირის ბოლოს მალევე დაკეტილიყო, მას შემდეგ რაც მხოლოდ 58 ადამიანმა გამოთქვა სურვილი AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ვაქცინის დოზები 55 წელს გადაცილებულ ადამიანებს შესთავაზეს, რომლებიც ასევე არიან მასწავლებლები, პოლიციელები, ციხის მცველები. იმის გამო, რომ პირებმა უარი თქვეს AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაზე, ცენტრი იძულებული გახდა მალევე დაკეტილიყო. 

საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა, გაბრიელ ატალმა მწუხარება გამოთქვა ცენტრის დახურვის შესახებ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაიზრდოს AstraZeneca-ს ვაქცინისადმი ნდობა.

”ამ ვაქცინის მიმართ ნდობა უნდა გავაჩინოთ, ამისთვის ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი”, - განაცხადა ატალმა.

მისივე თქმით, გასულ კვირას, საფრანგეთში, დღეში 65,000-დან 70,000-მდე AstraZeneca-ს აცრა კეთდებოდა.

ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდა და 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა სულ მცირე ერთი დოზა მაინც მიიღო,.

ქვეყანა მიზნად ისახავს 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას 15 მაისამდე.