სამხრეთ კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

კალიფორნიაში მძვინვარე ხანძარს მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ, რათა ტყეებში გავრცელებულ ცეცხლს მოსახლეობამდე არ მიეღწია. KABC-TV-ის გავრცელებულ ლაივ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარე მდიდარი სანაპირო ზოლი, რომელიც ლოს-ანჯელესის დასავლეთით, დაახლოებით 30 კილომეტრშია განლაგებული, ცეცხლის ალშია გახვეული. 

ოკეანის სანაპიროზე მდებარე 200-ზე მეტ სახლში ევაკუაცია უკვე გამოცხადდა. ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო ჯგუფები და ვერტმფრენები ცეცხლის ცხელ კერებში ერთობლივად მუშაობენ. 

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ბრაიან ფამფრის განცხადებით, ქარი საკმაოდ სუსტია რაც მაშველებს საქმეს უმარტივებს, ამიტომ მაშველები საღამოს 8 საათისთვის ევაკუაციის გაუქმებას გეგმავენ და რეზიდენტები სახლებში დაბრუნებას შეძლებენ. 

ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.