შავ ზღვაში სამხედრო სწავლება "Sea Breeze 2020" იმართება, რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ.
მანევრები ოდესასთან ახლოს დღეს დაიწყო.
როგორც აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მეექვსე ფლოტის წარმომადგენლები აცხადებენ, წვრთნების მიზანი რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა.
„ჩვენი მონაწილეობა ისეთ მრავალეროვნულ სწავლებებში, როგორიცაა „სი ბრიზ 2020″ არის რეალური დემონსტრაცია, რომ აშშ ევროპის კოლექტიურ თავდაცვაში ჩართულია”, – განაცხადეს მეექვსე ფლოტში.
საზღვაო მანევრებში მონაწილეობას მიიღებს: 27 საბრძოლო ხომალდი, 19 თვითმფრინავი და 2000 სამხედრო მოსამსახურე უკრაინიდან, საქართველოდან და ნატო-ს წევრი შვიდი ქვეყნიდან: აშშ, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნორვეგია.