შვედეთში ქალი მღვდლები უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცები

შვედეთში ქალი მღვდლების რიცხვმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, მამაკაცებს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

შვედეთის ეკლესიის მდივნის, კრისტინა გრენჰოლმის თქმით, ქვეყანაში მღვდლების 50,1 პროცენტი ქალია.

"ისტორიული თვალსაზრისით, ეს პარიტეტი უფრო მალე მოხდა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით", - განაცხადა მან.

მისი თქმით, 1990 წელს ვარაუდობდნენ, რომ მღვდლების ნახევარ ქალები 2090 წლისთვის შეადგენდნენ.

შეგახსენებთ, შვედეთის ეკლესიის სათავეში ქალი პირველად ქვეყნის ისტორიაში 2013 წელს მოვიდა. შვედეთის ლუთერენულ ეკლესიაში ქალების მსახურება 1958 წლიდანაა ნებადართული.