სომხეთში COVID-19-ის 2 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 381 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 89 813-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 341 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 41 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 367 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 54 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 816 კვლავ მკურნალობას გადის.