სომხეთში COVID-19-ის 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 243 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 230 110-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4614 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1121 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 219 864 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4511 ამ დრომდე მკურნალობს.