სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 41 023-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 229 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 41 023-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 809 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 3 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 238 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

33 897 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6079 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 180 497 ტესტი ჩატარდა.