სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

29 წლის მამაკაცს სომხეთში კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფიცირების პირველი შემთხვევაა ამ ქვეყანაში. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, პაციენტი ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. მან სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. 

"მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - წერს ფაშინიანი. ის ასევე აღნიშნავს, რომ კარანტინში ყველა იმ პირს გადაიყვანენ, ვისთანაც ინფიცირებულ მამაკაცს შეხება ჰქონდა. 

აღსანიშნავია, რომ პაციენტის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა. 

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა გაატაროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გატარებული ზომები.