სტოლტენბერგთან საუბარში ერდოღანმა სომხეთს მოუწოდა, დატოვოს ყარაბაღი

თურქეთის პრეზიდენტმა NATO-ს გენერალურ მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიღო. ანკარაში გამართულ შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორია უნდა დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ეუთოს გადაწყვეტილებები სომხეთს მოუწოდებს, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერორია დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დატოვოს.

თურქეთის პრეზიდენტმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ქვეყნისა და ალიანსის ურთიერთობები, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ლიბიასა და სირიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა თურქეთს NATO-ს მისიებში შეტანილი წვლილისთვის და პანდემიის დროს ალიანსის მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიესალმება ხმელთაშუა ზღვაში ინციდენტების რისკების შესამცირებლად შექმნილ მექანიზმს.