სუდანი ექს-პრეზიდენტს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცემს

სუდანის მთავრობა ყოფილ პრეზიდენტს ომარ ალ-ბაშირს და სხვებს, რომლებიც დარფურში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარ მასობრივ მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცემს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიამ ალ-მაჰდიმ განაცხადა, რომ მთავრობამ ყოფილი ლიდერის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არ დააკონკრეტა, როდის მოხდება ეს.

გაერო-ს შეფასებით, 2003-2006 წლებში, დარფურში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 300,000 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 2,5 მილიონი ლტოლვილი გახდა.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დარფურში მომხდარი დანაშაულებების გამოძიება 2005 წელს დაავალა. 2008 წელს ჰააგის სასამართლომ ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ალ-ბაშირი სუდანს 1989 წლიდან 2019 წლამდე მართავდა, სანამ ის მრავალთვიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობიდან არ გადააყენეს და კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს.