ტაჯიკეთი ავღანეთთან საზღვრის დასაცავად მობილიზაციას აცხადებს

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ავღანეთის საზღვრის გაძლიერების მიზნით 20 ათასი რეზერვისტის მობილიზების განკარგულება გასცა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავღანეთის არმიის ათასობით სამხედრო იძულებული გახდა, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გადასულიყო. "თალიბებთან" საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ეს მათი გადარჩენის ერთადერთი გზა აღმოჩნდა.

თალიბებმა ტაჯიკეთთან და ჩინეთთან მოსაზღვრე ბადახშანის პროვინციის ექვსი საკვანძო რაიონი დაიკავეს. ტაჯიკეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, ტაჯიკეთის ნებართვით ქვეყანაში 1 037 ავღანელი სამხედრო გადავიდა.

ამასთან, Reuters ცნობით, ტაჯიკეთი ავღანეთიდან ლტოლვილების შესაძლო ნაკადის მისაღებად ბანაკების მოწყობის შესაძლებლობას განიხილავს.

5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა, ირანმა და პაკისტანმა მაზარ-ი-შარიფში საკონსულოები დახურეს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მუშაობა უზბეკეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის საკონსულოებმაც შეწყვიტეს.