წითელი ჯვარი ყარაბაღში წარმომადგენლობას გააოთხმაგებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტის, პიტერ მაურერის განცხადებით, ICRC მთიან ყარაბაღში წარმომადგენლობას გააოთხმაგებს.

"კონფლიქტის გაღვივების დროს ჩვენ მივხვდით, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ. თუ ომამდე ჩვენი მისიის ბიუჯეტი რეგიონში 10 მილიონი შვეიცარული ფრანკი იყო, მაშინ მომავალ წელს ეს 45 მილიონი იქნება. ანუ ჩვენ ის წარმომადგენლობას 4-ჯერ ვზრდით. იქ ცოტა ადამიანი გვაყავდა. ახლა რეგიონში დამატებით 400-500 ადამიანის გაგზავნას ვგეგმავთ”, - განაცხადა მაურერმა.

ICRC-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ წითელ ჯვარს აქვს ოფისები ერევანში, ბაქოში, ბარდაში და კომიტეტის წარმომადგენლები ბრუნდებიან ხანქენდში, გეგმაშია კიდევ ერთი ან ორი ოფისის გახსნა.

ICRC მისიის პერსონალის ამოცანა იქნება კონფლიქტის ყველა მხრიდან დაზარალებულთა დახმარება. ერთ–ერთი გადაუდებელი ამოცანა მსხვერპლთა ცხედრების ძებნა და იდენტიფიკაციაა.

”სირთულეს წარმოადგენს უშუალოდ კონტაქტის ხაზი, ფრონტის ხაზი, სადაც იყო ბრძოლები, იქ არის ნაღმები, ამიტომ გვამების აღმოჩენა ძალიან რთულია”, - განაცხადა მაურერმა.

მისი თქმით, ICRC–მ დაადგინა ოქმები და საუკეთესო პრაქტიკა ამ სამუშაოსთვის, რათა "ეს სამუშაო მაქსიმალურად ღირსეულად შესრულდეს, ცხედრის იდენტიფიკაცია და მისი ნათესავებისთვის გადაცემა მოხდეს".