თურქეთის საგარეო უწყებაში 10 ქვეყნის ელჩები დაიბარეს

ბიზნესმენ ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები დაიბარეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

საელჩოებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ოთხი წლის დაპატიმრებული კავალას საქმე დემოკრატიის მიმართ პატივისცემას ჩრდილს აყენებს.

”მისი სასამართლო პროცესის მუდმივი შეფერხება, მათ შორის სხვადასხვა საქმეების გაერთიანება და ახლის შექმნა წინა გამართლებელი განაჩენის შემდეგ, დემოკრატიის პატივისცემას, თურქეთის სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობას და გამჭვირვალობას ჩრდილს აყენებს. მოვუწოდებთ თურქეთს, მისი სასწრაფოდ გათავისუფლება უზრუნველყოს“, - აღნიშნულია საელჩოების განცხადებაში, რომელიც აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და ახალი ზელანდიის საელჩოებმა გაავრცელეს.

განცხადებას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ უპასუხა.

”ელჩების მიერ რეკომენდაციებისა და შეთავაზებების გაკეთება მიმდინარე სასამართლო საქმეებზე მიუღებელია. თქვენი რეკომენდაცია და შეთავაზება თქვენს მიერ კანონისა და დემოკრატიის გაგებაზე ჩრდილს აყენებს", - განაცხადა სოილუმ.

ბიზნესმენი ოსმან კავალა ოთხი წლის წინ დააკავეს. გამოძიება მას 2013 წელს საყოველთაო აქციების დაფინანსებასა და ორგანიზებას ედავება. გასულ წელს ის უდანაშაულოდ ცნეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება წელს გაუქმდა და ბრალდებები სხვა საქმესთან, 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან, გაერთიანდა.

ბიზნესმენის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. ევროპის საბჭომ კი განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგ სამართალწარმოების პროცესს დაიწყებს, თუკი კავალას არ გაათავისუფლებენ. ბიზნესმენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე სასამართლოს მორიგი სხდომა 26 ნოემბერსაა ჩანიშნული.