"ვეფხვების მეფის" ზოოპარკი სახელმწიფოს გადაეცემა - VIDEO

აშშ-ში, ოკლაჰომას ეგზოტიკური ცხოველების პარკი Greater Wynnewood-ის ახალ მფლობელებს ჯეფ და ლორენ ლოუებს, რომლებიც Netflix-ის პოპულარულ დოკუმენტურ სერიალშიც "ვეფხვების მეფე" გამოჩნდნენ, ზოოპარკის სახელმწიფოსთვის გადაცემა მოუწევთ. შესაბამისი ბრძანება უკვე გაცემულია.

ჯეფ და ლორენ ლოუებს იშვიათი ცხოველებისა და ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ კანონების დარღვევა ედებათ ბრალად.

ჯეფ ლოუ ზოოპარკის წინა მფლობელისა და გახმაურებული დოკუმენტური მინისერიალის "ვეფხვების მეფის" ვარსკვლავის ჯო ეგზოტიკის ყოფილი ბიზნესპარტნიორია. ჯო ეგზოტიკს, რომლის ნამდვილი სახელი ჯოზეფ მალდონადო-პასაჟია, შეკვეთილი მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობისა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, 22 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

სასამართლოს დადგენილებით, ჯეფ და ლორენ ლოუებმა სათანადო ყურადღება დ მზრუნველობა არ გამოიჩინეს ცხოველების მიმართ, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენეს, რასაც ორი ვეფხვის ჯანმრთელობის დაზიანება და ორი ბოკვერის სიკვდილი მოჰყვა. ჯეფ და ლორენ ლოუებმა ბრალდება უარყვეს, განაცხადეს, რომ კანონის თანახმად ისინი ამაზე მაშინ პასუხისმგებელნი არ იყვნენ, რადგან იმ მომენტში ზოოპარკი ჯერ კიდევ იქმნებოდა. სასამართლომ მათი განცხადება არ დააკმაყოფილა.

ჯო ეგზოტიკმა შეწყალების თხოვნით აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა. შეიწყალა თუ არა ის ტრამპმა, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

"ვეფხვების მეფე: მკვლელობა, უკანონობა და სიგიჟე" - ამერიკული კრიმინალური დოკუმენტური მინისერიალია, რომელიც ზოოპარკის ექსცენტრული მეპატრონის ჯო ეგზოტიკის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ველური ცხოველების კოლექციონერს ვეფხვების თავშესაფრის მფლობელი და უფლებადამცველ ქეროლ ბაკსინი უპირისპირდება, მას ცხოველების ექსპლუატაციაში ადანაშაულებს, რაც საბოლოოდ ჯო ეგზოტიკის დაპატიმრებით სრულდება. ფილმის პრემიერა Netflix-ზე 2020 წლის 20 მარტს შედგა.