ვიეტნამში 15 ათასზე მეტი ადამიანი კარანტინში მოათავსეს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიეტნამში 15 033 ადამიანი კარანტინში მოათავსეს. მიზეზი ქალაქ დანანგეში COVID-19-ის აფეთქებაა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო VNA ავრცელებს.

მათი უმეტესობა კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტობდა, ან ვიეტნამში მაღალი საფრთხის ქვეყნებიდან ან რეგიონებიდან ჩამოვიდა.

ამასთან, მედიკოსები ამბობენ, რომ ამჟამად ვიეტნამში COVID-19-ის ახალი ტიპი ფიგურირებს, რომელიც მანამდე გავრცელებული არ იყო. ვიეტნამის ხელისუფლებამ დანანგიდან ტურისტების ევაკუაცია მოახდინა.

ამჟამად ქალაქში 30-ზე მეტი ადამიანის შეკრება, მასობრივი ღონისძიებების, დღესასწაულებისა და სპორტული შეჯიბრების ჩატარება იკრძალება. სავალდებულოა პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.