YouTube აშშ-ის არჩევნების გაყალბების შესახებ ვიდეორგოლებს წაშლის

YouTube ამიერიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ ყველა იმ ახალ ვიდეორგოლს წაშლის, სადაც საუბარი იქნება იმაზე, რომ დონალდ ტრამპმა წააგო და ჯო ბაიდენმა მოიგო არჩევნები გაყალბების შედეგად. ამის შესახებ YouTube-ის ვიდეობლოგში იყო ნათქვამი. ვიდეოსაიტის განცხადებაში ნათქვამია, რომ YouTube ბაიდენის გამარჯვებას და ტრამპის დამარცხებას განსაზღვრავს როგორც ისტორიულ ფაქტს და არა, როგორც გაყალბების შედეგს. შესაბამისად, Google-ის უმსხვილესი ვიდეოსაიტი მკაცრი ზომების გატარებას იწყებს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის შტატების საკმარისმა რაოდენობამ დაადასტურა ჯო ბაიდენის გამარჯვება, YouTube წაშლის კონტენტის ნებისმიერ ფრაგმენტს, რომელმაც 2020 წლის არჩევნების შედეგებთან და მის სამართლიანობასთან დაკავშირებით საზოგადოება შეიძლება "შეცდომაში შეიყვანოს".