ზელენსკი: ლუკაშენკოს ადგილას ხელახალ არჩევნებს დავნიშნავდი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მისმა კოლეგამ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ქვეყანაში სიტუაციის გასანეიტრალებლად, განმეორებითი არჩევნები უნდა დანიშნოს. ამის შესახებ გამოცემა Euronews იუწყება.

ზელენსკი აღნიშნავს,  რომ ლუკაშენკოს ადგილას, ერთ თვეში ხელახალ კენჭისყრას დანიშნავდა და უცხოელ დამკვირვებლებს მოიწვევდა.

”წარმოვიდგინოთ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, ასევე დარწმუნებული ვარ ხალხის არჩევანში. მე - თავდაჯერებული ადამიანი ვარ.  მაშინ როგორ დავამშვიდებდი ყველას? ზუსტად გეტყვით: ერთ თვეში ხელახალ არჩევნებს დავნიშნავდი... საერთაშორისო დამკვირვებლებს - ყველას მოვიწვევდი და ბელორუსის მოქალაქეებს ვეტყოდი: გთხოვთ, გააკეთეთ არჩევანი. და ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, კითხვები არავის ექნებოდა... ყველაფერი მშვიდად, სისხლისღვრის გარეშე ჩაივლიდა და ეს მომენტი ისტორიაში შევიდოდა", - განაცხადა ზელენსკიმ.