თავში

17 : 02 საათი... გაჩერებული ქვეყანა

17 : 02 საათი... გაჩერებული ქვეყანა

17 : 02 საათი, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი იწყება.

„საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება, ამოქმედდა კომენდანტის საათი“- ამბობს პრემიერი და ჩემს, სულ რაღაც 6 თვის წინ ნაქირავებ ბინას თვალი შევავლე. (ახლა კი მეცინება, რომ მახსენდება)

მერე ნოუთბუქს დავხედე და სწრაფად დავიწყე „კენკვა“ (ეს ჩვენებური ტერმინია) ყველა იმ სიტყვის, რაც მესმოდა, ბუნდოვნად, მაგრამ გადამოწმებადაც ღირდა, მარტო ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში (კარანტინი,კომენდანტის საათი) და ინსტიქტურად ვუკაკუნებდი დასპირტულ ნოუთბუქს, დეზინფექციის ხსნარში ამოვლებულ ხელებს.

ხომ გახსოვთ წინა ბლოგიდან, ესეც ჩემი პროფესიის სიმპტომია. გონება გათიშო და ვიდრე მთავარი ხდება, იყო ამბის მომყოლი, ოღონდ, სწორი ამბის და პანიკის გარეშე.

პირველი, რაც გამახსენდა დედაჩემი იყო, რადგან უკვე ერთ კვირაზე მეტია მეუბნება, მანდ არ ჩარჩეო. სიცილით, მაგრამ ხომ ვიცით, მონატრებულ შვილს რომ ტელეფონში უცინი, იმის უკან რაც დგას.

ვურეკავ და „გისმენს“ თქმას არ ვაცდი, - უყურე?- ვეკითხები.

-კი ვუყურებ და შენ... (და დედაჩემის ხმის უკან პრემიერის ხმაც მესმოდა, ხმა, რომელიც ჩემი სახლის ტელევიზორში თითქმის ბოლომდე იყო, ალბათ, აწეული).

ამ დროს, ჩემს ყურში სიხშირე გაწყდა, დაიხშო გზა, რომელიც ახლა ერთ წამში თბილისიდან ჩემს სახლამდე გავიარე, 250 კილომეტრზე მეტი ერთ წამში, ალბათ, არავის გაუვლია, ან არ ვიცი....

არც არავის ვამადლი ჩემს თავს, უბრალოდ, ვერ უხსნი შენი ოჯახის წევრებს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ არც პანიკაში ვარ, არც მეშინია და მაქსიმალურად ვცდილობ, წესები დავიცვა, უბრალოდ, შორს ხარ იმისთვის, რომ ეს კარგად აუხსნა. ეს არის და ეს.

მერე პუნქტებად ჩამოწერილი,- თუ რას ითვალისწინებს კარანტინი, კომენდანტის საათი - ჩემს ახლო ადამიანებს, თითქმის ყველა, ჩემს კოვიდით შეშინებულ, მეგობარს გავუგზავნე და თან იმედიანი სიტყვაც მივაყოლე, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ხო ბანალურად ჟღერს, მაგრამ შველის, რომ იცოდეთ, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია.

წინა ბლოგის ბოლოს გეუბნებოდით, რომ ხვალ ახალ სტატისტიკაზე მოგვიწევდა ლაპარაკი, მას მერე, ერთი კვირა გავიდა და სტატისტიკა დღეში არა, საათობრივად იცვლება.

ახლა 103 ინფიცირებული გვყავს, ქვეყნის მასშტაბით, და ყველაზე რთული ამ ამბავში ის არის, რომ მათ შორის სამის პირველწარო ვერ დადგინდა.

კარგი ის არის , რომ აქედან 18 უკვე ჯანმრთელია, ჩვენი გმირების უძილო ღამეების შედეგად.

ახლა ამ ყველაფერს ვწერ და ცოტახნით უნდა მივატოვო წერა.

ინფექციურ საავადმყოფოსთან, მარინა ეზუგბაიას ტრადიციული ბრიფინგია. ფეხით მივდივარ, სახლიდან ახლო მანძილია. 

პირბადეებში და ხელთათმანებში ჩაკარგული კოლეგები თვალებით თუ ვცნობთ ერთმანეთს და ექიმის მოლოდინში ჯერ სტატისტიკაზე, მერე ერთმანეთზე ვლაპარაკობთ. ამასობაში, მთავრი გმირიც გამოდის, სამსახურში ვიწერები, რომ ლაივში შევდივართ, კომენტარის დასრულების შემდეგ რასაც ვუყვები მაყურებელს, სახლში დაბრუნების დროს ვახვევ და ვუსმენ. ვუსმენ და ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ათასობით და მეტი, კონკრეტულად შენი, მაყურებლის წინაშე. ეს ახლა არ გამითვიცნობიერებია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ დროს, როცა ქუჩები ცარიელია, ყველა სახლშია და უმეტესობა შეშინებული, სხვანაირი გულისცემით ჰყვები ამბავს, რომელიც უკვე მხოლოდ სტატისტიკა არ არის.

ხვალიდან, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ამბების მოყოლას, რომ ერთი პატარა ვირუსისგან „ჩაკეტილებს“ გვქონდეს ყოველდღიური გზა ახალ ინფორმაციამდე, გზა, რომელიც ბოლოს გვათქმევინებს, ჩვენ მოვიგეთ!

ამაზეც მოგიყვებით და მჯერა, რომ მალე...

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system