თავში

ადამიანის გზა უკვდავებამდე, ანუ როგორ შეიქმნება ზე-ცივილიზაცია

ადამიანის გზა უკვდავებამდე, ანუ როგორ შეიქმნება ზე-ცივილიზაცია
ადამიანის გზა უკვდავებამდე, ანუ როგორ შეიქმნება ზე-ცივილიზაცია

 ჩემს წინა ბლოგში მომავალზე ვისაუბრე და ერთ-ერთი პროგნოზი ადამიანის ცნობიერების „გაციფრულებას“ ეხებოდა, ანუ გონების ტრანსფორმაციას ვირტუალურ სამყაროში. ეს კი ადამიანს, ფაქტობრივად, უკვდავად აქცევს. რამდენად რეალურია ეს, ჩემი აზრით, და რამდენად ახლოს ვართ ამ ტექნოლოგიასთან, ამაზე სწორედ ახლა ვისაუბრებ. 

მთავარი გამოწვევა ტვინის დეტალური, იდეალური სკანირებაა და ამის შემდეგ მისი იდეალურად ხელახლა შექმნა. პირველ რიგში, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას ვასკანერებთ. ადამიანის ტვინში 86 მილიარდი ნეირონია, 100 ტრილიონზე მეტი ნერვული უჯრედების შეერთების ადგილი. ეს კავშირები კი ერთმანეთისგან განსხვავებულად მოქმედებს. ზოგიერთი სწრაფად მოძრაობს, ზოგიც ნელა, ზოგი სიგანეში იზრდება და ზოგიერთი კი საერთოდ უძრავია. ერთი სიტყვით თავის ტვინი ნამდვილი გალაქტიკაა. ცნობიერების "ატვირთვა" რომ შევძლოთ, ყველა ეს განსხვავებული მოქმედება ზუსტადუნდა დავაფიქსიროთ, თუმცა ჩვენი ცოდნა ტვინის შესახებ არაა საკმარისი იმისთვის, რომ მსგავსი ოპერაცია ჩავატაროთ. მიუხედავად ამისა, თეორიულად ეს შესაძლებელია. 

დღეს, ჩვენ შეგვიძლია არაინვაზიური მეთოდით ნახევარი მილიმეტრის რეზოლუციით მოვახდინოთ ტვინის სკანირება, და ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტიკაშიც ემ-ერ-აის დახმარებით. ნერვული უჯრედების შეერთების ადგილების დასაფიქსირებლად ჩვენ დაგვჭირდება მილიმეტრის მეათასედი ზომის რეზოლუციის სკანირების მეთოდი. მათ ქცევაზე დაკვირვებისთვის კი კიდევ უფრო მეტი. 

 ემ-ერ-აი ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით ახდენს ტვინის სკანირებას, და იმისთვის, რომ ზემოთ აღნიშნული პროცედურა განვახორციელოთ, სულ მცირე, ისეთი სიძლიერის ელექტრომაგნიტური ტალღები დაგვჭირდება, რომ ასეთი გამოსხივებით ადამიანის თავი ბოლომდე დაიწვება. სწორედ ამიტომ, ტვინის ტრანფორმირებისთვის სკანირების ახალი, ინოვაციური ტექნოლოგია დაგვჭირდება.

იმ შეთხვევაში, თუ მეცნიერები სკანირების ინოვაციური მეთოდის შექმნას შეძლებენ, მაშინ, შემდეგი გამოწვევა დასკანირებული ინფორმაციის ხელახლა, ციფრულ ფორმატში გარდაქმნა იქნება. ამისთვის კი დიდი კომპიუტერული ძალა და მეხსიერების ბარათი დაგვჭირდება. ორივე მათგანი ყოველწლიურად ვითარდება და პირველ გამოწვევასთან შედარებით, ეს ბევრად უფრო რეალურია.

ჩვენ უკვე შევქმენით ნეირონული ქსელი, რომელსაც, რეალურ სამყაროში უკვე ვიყენებთ კიდეც. მაგალთად ძიების სისტემებში, ხმოვან ასისტენტებში, თვითმართვად ავტომობილებში, სმარტფონებში და ა.შ. ჯერ-ჯერობით არავის შეუქმნია ხელოვნური ინტელექტი 86 მილიარდი ნეირონით, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკა ვითარდება და ეს უტყუარი მტკიდებულებაა იმისა, რომ ადრე თუ გვიან ამას მოვახერხებთ. 

მართალია, ტვინის ციფრულ ფორმატში ატვირთვა, როგორც უკვე ვთქვი, თეორიულად შესაძლებელია, თუმცა  ასობით წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ტექნოლოგიურად ეს შესაძლებელი გახდეს, ამიტომ უკვდავების მოპოვების იმედი ჯერ ნუ გვექნება. ეს ალბათ მომავალი თაობების უპირატესობაა. სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს საერთოდ შეუძლებელია, თუ ახალი რევოლუცია არ მოხდა სამედიცინო სფეროში. თუმცა, იმედს ზოგიერთი მეცნიერი ასევე ფიქრობს, რომ ეს პროცესი 40 წელიწადში შესაძლოა უკვე დაიწყოს. 

კალიფორნიის უნივერსიტეტის გამომგონბლებმა, ექსპერიმენტი ჩაატარეს და ტვინის აქვტივობაზე დაკვირვებით შეძლეს და მიხვდნენ რა ვიდეოს უყურებდა კონკრეტული ადამიანი იმ მომენტში. ისინი ასევე დააკვირდნენ Counter Strike-ის მოთამაშეებს და ყოველ ჯერზე, ზუსტად ხვდებოდნენ, მოთამაშემ როდის გაიხედა მარჯვნივ თუ მარცხნივ, როდის მოკლეს მისი ავატარი და ა.შ.

 მსგავსი ექსპერიმენტები მხოლოდ პირველი ნაბიჯებია ტვინის შესწავლის გზაზე. ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომა დასჭირდება ემოციებზე დაკვირვებას. მოკლედ, ტვინის ტრანსფორმირება ციფრულ ფორმატში ჯერ-ჯერობით რწმენის საკითხია, თუმცა ეს ყოველთვის შეიძლება შეცვალოს ახალმა გარემოებამ. 

 მოდით ცოტა ხნით დავანებოთ ტექნიკურ საკითხებს და სხვა კითხვებიც დავსვათ. მაგალითად, როგორ შეიცვლება სამყარო ასეთ შემთხვევაში?  

წარმოიდგინეთ რას გააკეთებდით მაშინ, ერთ დღესაც ვირტუალურ სამყაროში რომ აღმოჩენილიყავით. ადამიანები როგორც წესი ვაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ვირტუალურ ადამიანს საშუალება ექნება იფიქროს 1000-ჯერ უფრო სწრაფად, იმოგზაუროს სინათლის სისწრაფით ყველგან სადაც კომპიუტერია წარმოდგენილი. იმოგზაუროს ყველა იმ სამყაროში, რომლის სიმულაციასაც თავად შევქმნით. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი ვირტუალურ სამყაროში შეძლებს გახდეს "ღმერთი". ის ფაქტობრივად უკვდავი იქნება. შეძლებს საკუთარი ასლების შექმნას და ეს ამას ყოველი ახალი მიზნის მისაღწევად გააკეთებს და შედეგად წარმოუდგენლად ბევრ დროს დაზოგავს. ვირტუალური სამყარო განვითარდება რეალურ სამყაროზე გაცილებით სწრაფად. რეალურ ადამიანებს კი კონკურენციის გაწევა აღარ შეეძლებათ და ისინი „პენსიაზე“ გავლენ. ყველა ადამიანი იმ დონემდე გამდიდრდება, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში აღარაფრის გაკეთება მოუწევს, რადგან მის ახლანდელ სამუშაოს საკუთარი თავის, ვირტუალური ვერსია ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს. განსხვავებები იქნება ვირტუალურ ადამიანებშიც. მაგალითად, აინშტაინის ციფრული ვერსია უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე სხვა საშუალო სტატისტიკური ადამიანისა. 

ამასობაში კი ჩნდება კითხვა. თუ ვირტუალური ადამიანი ჩვეულებრივ ადამიანზე გაცილებით განვითარებული იქნება, მაშინ, რატომ არ წაართმევს მას ყველაფერს რაც აქვს და რატომ არ აიძულებს მას აკეთოს ის რაც უნდა. ამ კითხვაზე პასუხი ისევ ერთი გაჩენილი კითხვაა. რატომ არ ვართმევთ მოხუცებულ, პენსიაზე გასულ ადამიანებს ყველაფერს რაც მათ აქვთ. ისინი ხომ ასეთი დაუცველები არიან. ვფიქრობ საკუთარი თავის ძლევამოსილებაში ლოგიკურად დარწმუნებული ვირტუალური ადამიანები ჩვენ ზევიდან შემოგვხედავენ, ალბათ შევეცოდებით კიდეც, თუმცა ჩვენს განადგურებას მაინც არ დაიწყებენ. მათი დამოკიდებულება დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ჩვენ გვაქვს წინაპრების მიმართ. ისინი, მართალია, ჩვენსავით განვითარებულები არ იყვნენ, მაგრამ პატივს მაინც ვცემთ. მოკლედ, სრულიად ახალი ეკოსისტემა შეიქმნება და ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანებს განვითარებულ არსებებთან ერთად ცხოვრების სწავლა მოგვიწევს. 

კიდევ ერთი კითხვა, რაზეც პასუხის გაცემა ძალიან რთულია. როგორი იქნება ვირტუალური ადამიანის აღქმა და იქნება თუ არა რეალურად ეს სიცოცხლის გაგრძელება ვირტუალურ სამყაროში. ანუ გადავა თუ არა ის ცნობიერება რაც ამ მომენტში გვაქვს, თუ ის უბრალოდ ჩვენი რეპლიკა გახდება. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ვიცოდეთ რა გვქმნის ადამიანად. თუ ჩვენი ცნობიერება ჩვენს სხეულზეა მიჯაჭვული, ეს ნიშნავს, რომ ვირტუალური მე, უბრალოდ საკუთარი თავის რეპლიკა იქნება, ხოლო თუ ცნობიერება მიჯაჭვული არაა სხეულს, ეს ძალიან ჰგავს რელიგიურ მიდგომას, რომ ადამიანს სულის მაგვარი რამ აქვს. 

საინტერესო პასუხებს მივიღებთ მაშინ, როდესაც ადამიანები თავის გადანერგვის პირველ ოპერაციას შეასრულებენ. სხვათაშორის ეს 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა ერთ-ერთმა მოხალისემ, რომელმაც თავის გადანერგვის სურვილი გამოთქვა, გადაიფიქრა, რადგან მან ცხოვრების სიყვარულს მიაგნო. 

 სამყარო გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენ გვგონია, ამიტომ მნიშნელოვანია დავსვათ კითხვები და ვცადოთ პასუხების პოვნა.

ბლოგში უკვდავებაზე, როგორც შესაძლო მომავალზე ვისაუბრე, თუმცა უპასუხოდ რჩება კითხვები: რისთვის გვჭირდება ის საერთოდ? ხომ არ იქნებოდა უკეთესი,  ჩვენში მოგვეხდინა ტექნოლოგიების ტრანსფორმირებით, არსებული ფიზიკური ლიმიტების გაზრდა? რისთვის ილოცებს ადამიანი, თუ მან უკვდავებას მიაღწია? ანუ, ტოვებს თუ არა, მომავლის ასეთი განვითარება ადამიანში ღმერთის და რწმენის ადგილს?! ამ კითხვებზე პასუხი სად იპოვოთ ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა შესაძლოა ამაში სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული წევრი სერიალისBlack Mirror-ის ეპიზოდი სახელად San Junipero დაგეხმაროთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system