თავში

ეს ღამე ამ მიცვალებულის ღია პირიდან ამოდიოდა-ზურა ჯიშკარიანი

​ეს ღამე ამ მიცვალებულის ღია პირიდან ამოდიოდა-ზურა ჯიშკარიანი
ეს ღამე ამ მიცვალებულის ღია პირიდან ამოდიოდა-ზურა ჯიშკარიანი

ეს ღამე ამ მიცვალებულის ღია პირიდან ამოდიოდა.

Snippet ნოველიდან: «დეტექტივი შეცდომა და სინათლის ქალაქები»

მმკვდრის თვალები ბრილიანტებივით ირეკლავდნენ უზარმაზარ გატეხილ მთვარეს. ფანჯრებზე დალაგებულ ვარდის ქოთნებს უყურებდა დეტექტივი, როცა მისი აზრები სახლიდან 30 მეტრში მიმავალი მატარებლის ექომ გაიყოლა, სადღაც შორს ნაცრისფერ ზონებში, სადაც ყველაფერი ნებადართულია.

მხოლოდ ანგელოზების შემზარავი კივილი ისმოდა ექოებად გაჩუმებულ სამეზობლოში. და გარეუბნის შეშინებული მაცხოვრებლები იწერდნენ რომბს და ფრთხილად ამოწმებდნენ საკეტებს კარებზე. შეცდომამ იცოდა, რომ სანამ ის ოთახს ათვალიერებს -- ტიფლისის ხალიფისა და სინოდის უშიშროების სახლებში უჩუმრად გროვდებოდა სპეცნაზი, რეზერვაციებში კი სავარაუდოდ რამდენიმე რადიკალი უკვე გეგმავდა საპასუხო ტერაქტის მონახაზებს -- ყველაზე ცუდი დროა რომ აზრები აგერიოს.

ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ტვინის გადაყვანა ტეტა ტალღებზე.

“შაითანი დასახლდა აღმოსავლეთ ტიფლისში: კიდევ ერთი მსხვერპლი. ამჯერად მოკლულია ავტორიტეტული მაღალჩინოსანი: უკვე მეორე მკვდარი ანგელოზი ამ კვირაში. “ - წერდნენ გაზეთები. დეტექტივი პირველივე წინადადებიდანვე მიხვდა რომ მისი ცხოვრება სახელმწიფო ინტრიგების დეტექტიურ ჟანრში გადავიდოდა, მაგრამ ხარაკირის წინ მყოფი სამურაის მოლოდინით შეხვდა ამ ამბავს. ის მრავალჟანრობრივი იყო.

პირველი მსხვერპლი ხილვების უბანში იპოვეს. ეს იყო დაღდასმული ანგელოზი -- ფრთების მოჭრა ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა ანგელოზისთვის და მხოლოდ გაუგონარი დანაშაულისთვის თუ გაწირავენ მას ამაზე. შეცდომამ ეს იცის, ასე მოექცნენ რებეკას - მის ერთადერთ სიყვარულს ამ ბნელ დროებაში.

თუმცა პირველი მსხვერპლი არაფრით იყო გამორჩეული რომ მისთვის ასეთი დრო დაეთმოთ. სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი, მორიგი განარკომანებული ანგელოზი. ასეთები ტონა ყრია ხილვების უბნის მოტელებსა და ბორდელებში.

მეორე მსხვერპლი კი ცნობილი თეოლოგი და ანგელოზთა უფლებების მკაცრი დამცველია. შეიძლება ითქვას რესპექტაბელურიც კი, რამდენადაც შესაძლოა იყო რესპექტაბელური როცა ხარ მკვდარი, თან ასეთი წყალწაღებული გეტოდან.

ერთი შეხედვით მკვლელობებს არაფერი ქონდათ საერთო ერთმანეთთან, მაგრამ დეტექტივი შეცდომა ძვლის ტვინის იმპლანტანტით გრძნობდა რაღაც კავშირს. გადმოუცემელს არისტოტელეს ლოგიკით, მაგრამ ადეკვატურს მისი ძვლის ტვინის კვანტურ კომბინაციებთან და ვამპირულ ალღოსთან.

-- ძალადობის არანაირი კვალი არ შეინიშნება. სავარაუდოდ მსხვერპლი და მკვლელი იცნობდნენ ერთმანეთს და მან თავისი ნებით გაუღო კარი მოძალადეს -- ჩაილუღლუღა უბნის ინსპექტორმა, რომელიც დეტექტივს შემოსასვლელში დახვდა და ისე ადგენდა ოქმს, როგორც მოწყენილი მოხუცები ავსებენ კროსვორდებს ბულვარული ჟურნალებიდან.

მკვდარი ანგელოზი ცაში იყურებოდა, თითქოს არ მომკვდარა და მდუმარედ ისმენს დეტექტივისა და უბნის ინსპექტორის საუბარს. შინდისფერი ტოგით გამოწყობილს ხელში ეჭირა გრძელი პერგამენტი.

--მოახდინეთ მოვლენების იდენტიფიცირება?

-- არა, თქვენ გელოდებოდით

დეტექტივმა სახე ახლოს მიიტანა ანგელოზთან, ერთხანს უყურა და ირანული თამბაქოს მძიმე ნაპასი სახეში შეაბოლა.

--ეს ბინძური ანგელოზები. პრობლემების მეტი არაფერი მოაქვთ -- უბნის ინსპექტორმა დიალოგში შემოსვლა სცადა. დეტექტივმა იცოდა, არცეთ დროს, არცეთ ეპოქაში პოლიციელებს არ უყვარდათ ანგელოზები, ამიტომ მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და ოთახის დათვალიერება დაიწყო.

იესოს, ალექსეი შულგინის და ანდრომედას ნისლეულის ხატები ავსებდნენ მთელ კედელს უზარმაზარი ხალიჩის გარშემო. ხალიჩაზე ამოქარგული იყო გაბზარული დოქები, რომელთა ბზარებიდან სინათლე იღვრება - მოვლენა რომელიც კაბალაში “ციმცუმის” სახელითაა ცნობილი. მათ გვერდით იესოს ხატები ნეონის ჩარჩოებში მბჟუტავ ჩარჩოებში. მის თავზე კი იდგა დიდი ჯვარცმა და ჯვარს გაკრული მაცხოვარი სულშიჩამწვდომი მზერით უყურებდა დეტექტივ შეცდომას - ძირითადად ღარიბ უბნებში მაცხოვრის თვალებში ამონტაჟებენ ვიდეოკამერებს სახლის მონიტორინგისთვის, ფრაზა “ღმერთი ყველაფერს ხედავს” ასე უფრო კონკრეტული ხდება, მაგრამ ეს კამერები აშკარად გათიშული იყო.

ანგელოზის პირდაპირ, დიდ სამუშაო მაგიდაზე გადაშლილი იყო დიონისე არეოპაგელის წიგნი ღვთაებრივი წყვდიადის შესახებ, მესამე გამოცემა.სხვადასხვა ნივთებს: ჯადოსნური ბეჭედისა და ინსულინის შპრიცში გახსნილი ვარსკვლავური ხსნარის გვერდით იდო ბადაგონის გაუხსნელი ბოთლი, თეთრი და მშრალი - ანგელოზების საყვარელი სასმელი შებინდებისას. იქვე, წითელი და მწვანე შუქებით ბჟუტავდნენ ტრანზისტორის მინიატურული ნათებები, შორი ვარსკვლავებივით. ტრანზისტორები ანგელოზების საკომუნიკაციო მოწყობილობაა, ერთგვარი სახლის ტელეფონი -- სიგნალები რომლებსაც მის თავზე დაყენებული პატარა ანტენა უშვებს რთული გასაშიფრია უშიშროების სამსახურებისთვის, რამდენადაც ახალი თაობის ტრანზისტორები კვანტებს იყენებენ ინფორმაციის გადასაცემად -- რაც ნიშნავს, რომ ანგელოზებს შეუძლიათ დარეკონ წარსულში.

ისმის ტელეფონის ზარი, თქვენ იღებთ ყურმილს და იქიდან გესაუბრებათ თქვენივე თავი - ოღონდ ახლო მომავლიდან. რათქმაუნდა წარსულში დარეკვის დისტანცია მაქსიმუმ 5-7 წუთია, მაგრამ ამ 5 წუთში ნებისმიერ ანგელოზს შეუძლია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინოს, როგორც საკუთარ თავს, ასევე მის ახლობელს.

ძირითადად წარსულში დარეკვის ლიმიტი დღეში - 10-15 წუთს არ სცდება ხოლმე, მაგრამ ციფერბლატი აჩვენებდა 60 წუთს. ერთი დღის განმავლობაში! როგორც ჩანს სიტუაცია დრამატულად და სწრაფად ვითარდებოდა და გარდაცვლილი სუბიექტი ცდილობდა რაღაც მნიშვნელოვანი ზარები განეხორციელებინა.

შეცდომამ იქვე იატაკზე,თავისი მოვერცხლილი, იეროგლიფებით მოხატული ჩემოდანი გახსნა, ინსტრუმენტარიუმიდან ასევე ვერცხლისფერი სპექტრომეტრი ამოიღო და მკვდარი თეოლოგის ოდნავ მბჟუტავ შარავანდედს გადაატარა. სპექტრომეტრი მკრთალ იასამნისფერ ნათებას იჭერდა -- ეს იმ მკვდრების ფერია, რომლებსაც სიკვდილთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანი საიდუმლო მიაქვთ.

-- თუ შეიძლება მარტო დამტოვეთ -- მიმართა შეცდომამ უბნის ინსპექტორს, ისე რომ არც გაუხედავს მისკენ. მანაც ზანტი და უკმაყოფილო მოძრაობით აწია მძიმე ტრაკი, დახურა ოქმის ფურცელი და ოთახიდან გასვლა განახორციელა.

კრიმინალის სცენაზე მდგარს ყველაზე მეტად აურის შეგრძნება ჭირდება. დროსა და სივრცეში იმ მომენტის გამოჭერა როცა კრიმინალი მოხდა. სასწავლებელში შეცდომას ეუბნებოდნენ, რომ ადგილზე დატრიალებული ემოციები მრავალი საათის განმავლობაში გუბდება შემთხვევის ადგილას, მაგრამ წლების განმავლობაში შეცდომამ გამოიმუშავას სპეციალური ყნოსვა, რომლითაც ის მრავალი წლის წინ ჩადენილ ექსცესებსაც გრძნობდა ხოლმე, როგორც რაღაც ხელით მოუხელთებელ შეგრძნებას ჰაერში. ამიტომ არ უყვარდა მას წვეულებებზე სიარულიც -- ნებისმიერ ადამიანს საკუთარი საიდუმლო ზრახვების სურნელი დაკრავს.

მკვდარი თეოლოგის ოთახში კი გაურკვეველი ამოცანების ნისლი იდგა -- ასეთი ნისლი ნებისმიერ დეტექტივს მინიმუმ საათით ჩააგდებს ტრანსში. შეცდომამ სპექტრომეტრი ისევ ინსტრუმენტარიუმში ჩააბრუნა.

კორიდორში ფეხის ნაბიჯების ხმა გაისმა, ასეთი მტკიცე ნაბიჯებით მხოლოდ რეინკარნაციული პოლიცია ან სინოდის პირადი გამოძიება გამოირჩევა. დეტექტივმა ინსტინქტურად წაართვა ხელიდან მიცვალებულს გრძელი პერგამენტი, გადაკეცა და ინსტრუმენტარიუმში ჩააგდო, ფოტო გადაუღო გადაშლილი წიგნის გვერდებს და ტრანზისტორის მონაცემები სასწრაფოდ გადაიწერა ძვლის ტვინის იმპლანტზე, გადაწერას 100% ზუსტად მაშინ დაეწერა როცა ოთახის კარები რომელიც ისედაც ღია იყო რეინკარნაციულმა პოლიციამ შეამტვრია. რას იზამ, ეგეთია ძალოვანი სტრუქტურების სტილი.

--ადგილზე გაშეშდით, საქმე სინოდის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის!

დეტექტივმა ხელები აწია და გაშეშდა, მას მაღალი, ეგზოსკელეტონში ჩაცმული მამაკაცი მიუახლოვდა:

--კეისარი სოზა, რეინკარნაციული პოლიცია: დაასახელეთ თქვენი ვინაობა

-- დეტექტივი შეცდომა აპოკალიფსის განყოფილებიდან, საიდენტიფიკაციო ნომერი #23,002, ავატარის მოლოდინში

-- გასაგებია, რა სამუშაოები იყო ჩატარებული ჩვენს მოსვლამდე დეტექტივო?

-- მხოლოდ ნიმბის სპექტრალური ანალიზი, აქ ჩანს რომ..

--მოიტანეთ ანალიზი, ჩვენ თავად გავარკვევთ რა ჩანს და რა არა.. -- უხეშად მიმართა რეინკ-პოლის თანამშრომელმა დეტექტივს -- ვინ გამოგიძახათ?

-- ზარი ტრადიციულად განყოფილების ჩეთბოტისგან შემოვიდა

--ზარი არ უნდა შემოსულიყო, ეს ჩვენი საქმეა.. მაგრამ ყველაფერი გასაგები რომ იყოს ოფიციალურად გიცხადებთ: ამ წამიდან გამოძიებას რეინკარნაციული განყოფილება უძღვება, განყოფილებაში მისვლისთანავე რაპორტს დაწერთ და დაელოდებით ჩენს ზარს თუ ასეთის საჭროება იქნება.. გასაგებია? ეხლა კი გთხოვთ დაგვტოვოთ

დეტექტივმა მხოლოდ წამით გადახედა მკვდარი ანგელოზის ღიად დარჩენილ თვალებს, რომლებშიც სუსტად ირეკლებოდნენ ტრანზისტორის მბჟუტავი სინათლეები და რადიოაქტიური წვიმა ფანჯრებს გარეთ, შავ ცაში,საითაც თვალები მინიშნებასავით იყურებოდნენ.

ეს ღამე ამ მიცვალებულის ღია პირიდან ამოდიოდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system