თავში

გამოძახება (დემო ნაწყვეტი დეტექტიური ნოველიდან)-ზურა ჯიშკარიანი

გამოძახება (დემო ნაწყვეტი დეტექტიური ნოველიდან)-ზურა ჯიშკარიანი
გამოძახება (დემო ნაწყვეტი დეტექტიური ნოველიდან)-ზურა ჯიშკარიანი

მხოლოდ ნეონის ჯვარი ბჟუტავდა თოვლივით თეთრ კედელზე, იაფფასიანი სასტუმროს აბრასავით და მოიასამნისფროდ ლიცლიცებდა მონიკას ფრთებზე - მის ბუმბულებს ოფლნარევი სუნამოს, სექსის და შორეული, დაკარგული სამოთხის სურნელი დაკრავდა. შეცდომას უყვარდა ფრთებისხარბად შესუნთქვა ძილის წინ - გარდა იმისა, რომ ანგელოზების ფრთებს დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ და მინიმუმამდე დაყავთ ატხადნიაკის სიმპტომები, სახელმწიფოში, ან რაც მისგან დარჩა აკრძალულია არაანგელოზისთვის ანგელოზებთან სექსუალური კონტაქტის დამყარება, რაც მეტ ადრენალის მატებდა ამ მოვლენას - შემთხვევითი პარტნიორების მუდმივი ცვლის მელანქოლია სასიცოცხლოდ საჭირო იყო შეცდომასთვის, განსაკუთრებით რებეკას - მისი ყველაზე ხანგრძლივი და მტკივნეული მიჯაჭვულობის - შემდეგ.

ხან ის ტოვებდა სხვებს, ხან სხვები ტოვებდნენ მას - პარტნიორების გადაგდება მოსულა, განსაკუთრებით როცა მალე აპოკალიფსია დაანონსებული ყველა არხზე.

ახლადშეჩვეულ სითბოსთან განშორების სევდა აბალანსებდა მასში ვამპირებისთვის დამახასიათებელ ველურ, ბნელ და აგრესიულ ბუნებას და თან რაღაცნაირად კვებავდა მას.

მხოლოდ ღრმა ემპათიისა და მელანქოლიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ნამდვილად შემზარავი საქციელების ჩადენა, იმიტომ რომ ისინი ამაში ყველა ინსტინქტისა და ემოციის ძალას დებენ, შემზარავი საქციელების გარეშე კი თანამედროვე ტიფლისში ერთ დღესაც ვერ გაძლებს ადამიანი.

სევდა - როგორც სამყაროსა და ადამიანების მიმართ ემპათიის ინსტრუმენტი და სევდა - როგორც მელანქოლია, რეფლექსირება იმაზე, რომ არ იპოვე ნავსაყუდელი, არ გაჩერდი არსად, თუნდაც იქ, სადაც ყველაზე მეტად სურდათ შენი ყოფნა, მზად იყვნენ შენთან გაეყოთ საკუთარი ემოციებისა და სიკვდილამდე დარჩენილი დროის ათასწუთეულები. სხვა ტიპის სევდა ეხებოდა თვითგვემას ეგოიზმისთვის: რომ კიდევ ერთი არსება დატოვე მარტო ან მან დაგტოვა მარტო - ამ უზარმაზარ, ქაოტურ სამყაროში, სადაც მარტო ყოფნა - ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ლამაზი, შესაბამისად - ყოვლისმომცველი და ფსიქოდელური გამოცდილებაა.

ყველას არ შეუძლია გადაიტანოს ეს შეგრძნება: ამიტომ არსებობენ ეს სამეგობროები, ოჯახები, კაფეები, კლუბები, შეყვარებულები, და ათასგვარი სხვა ანკლავები - სიმარტოვის შიშითა და პერსპექტივებით დაზაფრული ადამიანები ცდილობენ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. რატომღაც მათ გონიათ, რომ სიკვდილის დროს არ იქნებიან მარტო, თუ გარშემო ბევრი ხალხი იქნება.

დეტექტივი კი არ უნდა იყოს მიბმული არავის და არაფერს, სიმარტოვე მისი ძალაც და ამ ძალის გამოცდაცაა.

დაბურულ ფანჯრებს იქით ისევ ისე წვიმდა, როგორც წვიმდა ერთი წლის წინ, და კიდევ ერთი წლის წინ და როგორც ცრიდამაშინ, როცა ის ჯერ კიდევ იყო ბავშვი და რაგატკებით ხსნიდა პოლიციურ დრონებს „კორპუსების ქალაქის“ სხვა ველურ ბავშვებთან ერთად. განსხვავება ის იყო, რომ ეხლა წვიმდა უფრო ინტენსიურად, ვიდრე მაშინ, თითქოს ასაკის მატებასთან ერთად ოდესღაც ღია ცა სულ უფრო ივსებოდა შავი ღრუბლებით და ალბათ სადღაც უპატრონო ძაღლები იხრჩობოდნენ წვიმისაგან წარმოქმნილ გუბეებში, სადაც ხანდახან ტანკერებიდან გადმოღვრილი ბენზინი ისხმება და იშლება ფერადი, აალებადი ფრაქტალებივით, ხანდახან კი უცხო გამვლელის სისხლი იღვრება დანებით ჩხუბში, “ღამის სიშმაგის” პერიოდებში.

ეს გუბეები მუდმივად არის სავსე ათასი ნივთიერებით, საგნით, ზოგჯერ მათში მოტივტივე მკვდარი ადამიანებითაც კი. არსებობენ მეთევზეებიც, ვინც ჩამტვრეული ასფალტის გუბეებში აგროვებენ ურბანულ ჯანქს ხელნაკეთი რკინის ანკესებით, აბარებენ ჯართში, ორგანოებით ვაჭრობის ცენტრებში, მუზეუმებში და ასე კვებავენ თავიანთ ღარიბ ოჯახებს, სადაც რატომღაც ყოველთვის ბევრი ბავშვია და ცოტა სიხარული.

ოთახის მეორე კუთხეში, ლიანებსა და სხვა მცენარეებში ჩაფლული ეკრანი აინთო და შეცდომამ ძილბურანში ღამენათევი მორიგე ნათელმხილველის ხმა გაიგო:

- გამოძახებაზეა დეტექტივი შეცდომა. დეტექტივი შეცდომა. სასწრაფო გამოძახება ანგელოზთუბანში. პირველი ხარისხის მკვლელობა, ჩვენი ალღოსი და კრიმინალური გადანაწილების ალგორითმის მიხედვით შემთხვევის ადგილზე თქვენ უნდა გამოცხადდეთ. როგორც პროგრამა აჩვენებს, საქმის არსი პირდაპირ კავშირშია თქვენს პირად და პროფესიონალურ ინტერესებთან, გამოცდილებასთან და პროფილთან.

„გარდა ამისა, ძვირფასო“ - უკვე ნაკლებ ოფიციალურ ტონზე გადავიდა ნათელმხილველი დეპარტამენტიდან - „შენს დოსიეს ნამდვილად არ აწყენდა განახლება... მადლობა მერე გადამიხადე. გიტვირთავ საქმის დეტალებს.“

შეცდომამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო მოვლენების გასაპროტესტებლად, რომ მის სიზმრებში, სადაც ის ხედავდა უზარმაზარ კოლოსებს ლავკრაფტის მოთხრობებიდან - საქმის დეტალები შემოიჭრნენ: სწრაფად დატრიალებული კალეიდოსკოპიდან გამოისახა უცნაური, ხალიჩებიანი ოთახი ანგელოზთუბნის მეტ-ნაკლებად პრივილეგირებული უბნიდან, ძალადობისა და მკვლელობის შეგრძნება, როგორც ჟანგის გემო პირში, სავარაუდო მოტივების სია, რომელიც სიზმარში მოლივლივე ექსელის ფაილად ამოცურდა.

იმწამსვე ჩაირთო შინაგანი ბიოლოგიური წამზომი და კრიმინალის სცენასთან მისასვლელი მარშრუტების ყველაზე მოკლე ვარიანტები სატელიტიდან გადაღებული ფოტოებით.


დეტექტივმა ერთი გაიზმორა და შემდეგ რამდენიმე წამში, დაშლილი და აწყობილი კალაშნიკოვივით წამოდგა ფეხზე. ერთხანს გაშეშდა, რომ სიცარიელის მედიტაცია შეესრულებინა, მაგრამ მონიკას ფრთების სურნელმა დაარღვია მისი მცდელობა. მონიკას ჯერ კიდევ ეძინა, საბანგადამძვრალს თავისივე ფრთები ქონდა გადაფარებული შიშველ ტანზე და რატომღაც მძინარე, იძახდა სახელებს ქალაქების, სადაც შეცდომა არასოდეს ყოფილა. არაანგელოზები ვერასდროს ჩაწვდებიან ანგელოზური სიზმრების ლოგიკას. მან ბოლოჯერ გახედა მის მსგავს ღამის პეპელას და განშორების მელანქოლიით სავსემ ფრთხილად გაიხურა გაღუღუნებული, თბილი ოთახის კარი და უსასრულო რადიოწვიმის სველ სიცივეში გავიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system