თავში

ღმერთო, აქ ხარ? მიპასუხე, რა

​ღმერთო, აქ ხარ? მიპასუხე, რა
ღმერთო, აქ ხარ? მიპასუხე, რა

,,ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს’’- ამირან გამყრელიძე .

ახლა დილის 04:17 საათია და თვალებიდან არ ამომდის ეს სიტყვები ... დღის ბოლოს სწორედ ეს ნიუსი გვქონდა. ნეტა, ვინც წაიკითხა მათ თუ დაეძინათ...

იცით, რას ვფიქრობ?

ვფიქრობ, რომ შიში დადის ქვეყნაში და უფრო გვასნებოვნებს, არვიცი...მე დამასნებოვნა :

2 წლის წინ დამარცხებული უძილობა დაბრუნდა, ისევ აირია დღე და ღამე, მადა არ მაქვს,

მცენარეულზე მაგრამ მაინც დამამაშვიდებლებზე ,,ჩამოვჯექი’’,

კიდევ უფრო მეტ ყავას ვსვამ, ვიდრე ვსვამდი ( ამბავი ხან როდის ხდება და ხან როდის, ფხიზლად უნდა ვიყო ), ყველაფერს არ მოვყვები, ზოგი ჯერ კიდევ გაწონასწორებულ ადამიანად მიცნობს, ასე დავტოვო მირჩევნია.

ძალიან გამიგრძელდა, ნერვების ბრალია, გაურკვევლობის შიშზე ვამბობდი, უპასუხო კითხვებზე...მინდოდა, ასეთ კითხვებზე მომეყოლა :

25 თებერვალი:

უკვე რამდენიმე კვირაა, მსოფლიო პრესა გაშმაგებით გვამარაგებს ინფორმაციიით კორონავირუსით ინფიცირებულთა, თუ გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. ამ დროს, უკვე ვიცი ის, რომ არაფერი ვიცით - რომ არც ვაქცინაა....

დე, ერთი ვირუსი გაჩნდა, ადამიანს კლავსო, მართალია?- ამომანათა, თავისი ნაპერწკალა თვალები და მთელი სხეულით ვგრძნობ,  როგორ უნდა, უარით ვუპასხო.

რა ვუთხრა? მოვატყუო? მაინც გაიგებს.... ღმერთო, პანდემიის დროს რას ეუბნებიან დედები შვილებს ? ნეტა, დედაჩემი რას იტყოდა? ჰო, რას ამბობენ პედაგოგები ასეთ დროს?! ან რატომ არ მახსოვს, უზნაძეს თუ ეწერა ამაზე რამე...

ყველა ამ კითხვამ წამებში მოიყარა თავი, თვაწლინ გამირბინა ჰედლაინებმა , ნიუსმა, ჯანმო-ს გენრალური დირექტორის განცხადებებმაც კი. ჯანდაბა , ის კარგად ვიცი, ამ კაცს ტედროს ადჰანო რომ ჰქვია და საკუთარ შვილს რა ვუპასუხო - არა.

6 წლის არის, შეიძლება ითქვს, რომ ერთად ვიზრდებით, დედა-შვილიც ვართ და ,,ძმაკაცებიც’’ .ლაზარე ჰქვია, სჯერა, რომ დედა ძალიან მაგარია და არაფრის ეშინია (ნეტავ, ასე იყოს) , რომ არსდროს ტყუის და მის სამსახურში ყოველთვის ყველაფერი იციან ( ასეც არის - მინდა არ მინდა, ყველა ამბავი მეხივით მეცემა სამუშაო ჩატში, ახალი ამბების სააგენტოს ,,მადლი ‘’ )

,,დაივიწყე, ჩვენს ქვეყანაში არ არის, დე’’ ინსტინქტურად ვპასუხობ და მის ნაცვლად ვდებ ფაზლს საჭირო ადგილას. ,,ჩვენს ქვეყანაში არ არის’’-ექოსავით იმეორებს ჩემი გონება ჩემსავე სიტყვებს და მრცხვენია ყველა ჩინელის, ევროპელის, თუ ნებისმიერი დედამიწელის, ვის ქვეყანაშიც არის ...

26 თებერვალი :

სამსახურიდან ვბრუნდები, ტელეფონი მატყობინებს რომ ლაივში ვართ, გადატვირთული მოძრაობაა, ვერ ვახერხებ გავიგო რა ხდება... სახლში მისული აფთქებულ სამუშაო ჩატს ვამოწმებ, საგანგებო სხდომა ყოფილა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით.

ცოტა ხანის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა.

,,არაა ჩვენი საქმე კარგად,ხო?’’ ვეწუწუნები რედაქტორებს, მამშვიდბენ...

ლაივი შემოვიდა:

,,საქართველოში კორონავირუსი დადასტურდა!’

გუშინდელი დიალოგი მახსენდება, გუშინდელივით მრცხვენია.

,,დედი, ჩვენთანაც შემოვიდა? დე, შენ სამსახურში რა წერია, ახლა რა იქნებაო?’’- თავისი ოთახიდან მორბის ლაზარე, ხელში მათემატიკის რვეული უჭირავს ( შედგენილობები ,,დაამუღამა’’ ) , ათი საათი ხდება, მისი ძილის დროა, ყველაფერი ისეთი ჩვეულებრივია ხელში ყავით სავსე ჭიქაც კი მიჭირავს...

,,ახლა რა იქნება’’- ამაზე რატომ არ შემხვედრია არცერთი ნიუსი? ნეტა, ტედროს ადჰანო რას ეტყოდა?

ღმერთო, დაივიწყე, ამ წუთამდე, რაც მითხოვია ყველაფერი, ამ კითხვაზე პასუხი მინდა!

29 მარტი :

,,ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს’’- ახლა რა იქნება?

ავტორი: თეკლა ბექაური

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system