თავში

ჰაკიმ ბეი ქაოსი თარგმანი: ზურა ჯიშკარიანი

​ჰაკიმ ბეი – ქაოსი თარგმანი: ზურა ჯიშკარიანი
ჰაკიმ ბეი  ქაოსი თარგმანი: ზურა ჯიშკარიანი

ქაოსი არასოდეს მომკვდარა. უძველესი გამოუთლელი ქვა, ერთადერთი კერპად ქცეული მონსტრი, ინერტული და სპონტანური,გაცილებით ულტრაიისფერი ვიდრე ნებისმიერი მითოლოგია [როგორც ჩრდილები ბაბილონამდე], პირველყოფილი არადიფერენცირებული ყოფიერების ერთიანობა - ჯერ კიდევ ასხივებს სიმშვიდეს, როგორც ასასინების შავ დროშებს, შემთხვევითს და მუდამ მთვრალს.

ქაოსი წინ უსწრებს წესრიგისა და ენტროპიის ყველა პრინციპს, ის არც ღმერთია და არც მატლი, მისი იდიოტური სურვილები მოიცავს და განსაზღვრავს ყველა შესაძლო ქორეოგრაფიას, უაზრო ეფირებს და ფლოგისტონებს,მისი ნიღბები – ღრუბლებია, მისივე უსახობის კრისტალიზაცია.

ყველაფერი ბუნებაში აბსოლუტურად რეალურია, ცნობიერების ჩათვლით, ასე რომ აქ არაფერია სანერვიულო. კანონის ბორკილები კი არ დაიმსხვრა, ისინი არც არასოდეს არსებობდა; დემონები არასოდეს დარაჯობდნენ ვარსკვლავებს, იმპერია არასოდეს შექმნილა, ეროსს არასოდეს მოუზრდია წვერი.

არა, მოისმინეთ, რაც ოდესმე მომხდარა იყო ეს: მათ თქვენ მოგატყუეს, მოგიგდეს იდეები კარგსა და ცუდზე, შთაგაგონეს უნდობლობა საკუთარი სხეულისადმი და სირცხვილის გრძნობა ქაოსის წინასწარმეტყველებისთვის, მოიგონეს სიტყვები იმისთვის რომ შეგძულებოდათ თქვენი მოლეკულარული სიყვარული, დაგაჰიპნოზეს უყურადღებობით, დაგღალეს ცივილიზაციით და მისი მევახშური ემოციებით.

არ არსებობს მოსვლა, არ არსებობს რევოლუცია, ბრძოლა, არ არსებობს გზა: თქვენ უკვე ხართ თქვენი სხეულის მონარქი, ხოლო თქვენი ხელშეუხებელი თავისუფლება ელოდება დანამატს მხოლოდ სხვა მონარქების სიყვარულით - ოცნებების პოლიტიკა, დაჟინებული როგორც ზეცის სიცისფრე.

იმისათვის რომ მოვიშოროთ ისტორიული ყოყმანი და მისი ყველა ილუზორული უფლება - საჭიროა ლეგენდარული ქვის ხანის ეკონომიკა – შამანები და არა მღვდლები, ბარდები და არა ლორდები, მონადირეები და არა პოლიციელები, პალეოლითური სიზარმაცის შემგროვებლები, უწყინარები ვითარცა სისხლი, რომლებიც დადიან შიშვლები პრინციპისთვის და იღებებიან როგორც ჩიტები, დაცურავენ ექსპლიციტური ყოფნის, არსებობის ტალღაზე, უსაათო მარადიულ აწმყოში, ხვალისა და გუშინდელი დღის გარეშე.

ქაოსის აგენტები ცეცხლოვან მზერას ესვრიან ყველას და ყვეალფერს რასაც ძალუძს დაამოწმოს მათი მდგომარეობა, მათი ციებ ცხელება lux et voluptas -ით. მე მღვიძავს მხოლოდ სიყვარულსა და ტერორამდე მისულ სურვილებში – დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ სასცენო ავეჯია, ყოველდღიური ანესთეზია, განავალი ტვინისთვის, რეპტილიებამდელი სევდა ტოტალიტარული რეჟიმებისთვის, ბანალური ცენზურა და გამოუსადეგარი ტკივილი.

ქაოსის ავატარები იქცევიან როგორც ჯაშუშები, დივერსანტები, Amour fou-ს კრიმინალები, არც თავდაუზოგავები არც ეგოისტები, ბავშვებივით დამყოლები, ბარბაროსული მანერებით, შეპყრობილები აკვიატებული აზრებით, უმუშევრები, არეული გრძნობებით, მგელ-ანგელოზები, მათი თვალები ყვავილებს გავს,ისინი სარკეები არიან მედიტაციისთვის : ყველა ნიშნისა თუ შინაარსის პირატები.

აი ჩვენ მივძვრებით ამ პარანოიდულ მონოლითებს - სახელმწიფო საეკლესიო სკოლასა და ქარხნებს შორის. ჩვენი ტომისგან სამგლოვიარო ნოსტალგიით მოჭრილებსა და განკვეთილებს - ჩვენ გაგვყავს გვირაბი დაკარგული სიტყვების, წარმოსახვითი ბომბების კვალდაკვალ.

უკანასკნელი შესაძლო საქციელი არის ის, რომელიც განსაზღვრავს აღქმას როგორც ასეთს, უჩინარი ოქროს თოკი რომელიც გვაკავშირებს ყველას: არალეგალური ცეკვები სასამართლო შენობის კორიდორებში. თუ აქ მე შენ გაკოცებ, ამას ტერორისტულ აქტად მონათლავენ – მაშ წავიღოთ ჩვენი პისტოლეტები ჩვენს საწოლებში და გავაღვიძოთ ქალაქი შუაღამეს, როგორც მთვრალმა ბანდიტებმა, რომლებიც დღესასწაულს სროლებით აღნიშნავენ და ყველას ატყობინებენ ქაოსის გემოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system