თავში

იაგუარის ნახტომი - ზურა ჯიშკარიანი

იაგუარის ნახტომი - ზურა ჯიშკარიანი
იაგუარის ნახტომი - ზურა ჯიშკარიანი

თუკი გული იწყებს ბზარვას, როგორც მინა ყინვაში, უფსკრულები ყვავილებივით იზრდებიან გულიდან, ფესვებს უშვებენ ფილტვებში, სასქესო ორგანოებში, ფეთქდებიან-- იფურჩქნებიან ტვინში ბირთვული განთიადებივით. აბსოლუტური დეფრაგმენტაცია, სველი კოცნები წელს ქვემოთ, იარაღები ირმის ნახტომის მიმართულებით, მორზეს ანბანივით აკრეფილი კომუნიკაცია. ყველა ბზარიდან ჟონავს ქაოსი, და ვერცერთი იზოლენტა, ვერცერთი ელიავას მუშა ვერ ამოქოლავს ამ ბზარებს. მაგრამ თუ ცალი თვალით მაინც ჩაიხედები ამ ბზარში, ნახავ რომ ეს წყვდიადი -- უჩინარი მარგალიტებითაა სავსე.

ყველაზე საინტერესოა როცა ადამიანი თვითონ ხდება ბზარი და უფსკრული უკვე მისგან ამოდის. თითქოს ბოლი მოკიდებული სახლიდან. ამის შემდეგ ის უკვე არ ეკუთვნის თავის თავს. საკუთარი თავი - ილუზორული მდგომარეობაა, აკვანი არტახებით, კომფორტის ზონა, სადაც თითქოს გივლიან, ზრუნავენ შენზე. ტელეფონის ზარი, ვიღაც გირეკავს, გკითხულობს, გამხნევებს, განუგეშებს, მაგრამ რაში გჭირდება ნუგეში თუ იცი რომ “ნუგეშინია” არის მთავარი გაკვეთილი რაც უნდა ისწავლო. სიცოცხლე და სილამაზე შიშის საზღვრების მერე იწყება, ექო რომელიც გესმის, გიზიდავს და ვერ შიფრავ, სამყაროს გულისფეთქვაა, რომელიც იქ ისმის, შიშის მერე, მარტოობის მერე, სექსის და სიკვდილების მერე.

ვინაიდან ნათქვამია “ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში”. მას შემდეგ რაც ამ სიტყვებს მიიღებ, არამარტო მიიღებ როცა იგრძნობ ამ ზამთრის ყველზე გრძელ ღამესავით უსასრულო მარტოობას, მაშინ “მე” უკანა პლანზე გადადის და საკრალური წყვდიადი შენს სხეულს ეუფლება როგორც გეიმერი ავატარს, შენი დახუჭული თვალები მისი ემანაციებია, შენი ცეკვა -- მისი დავიწყებული ენაა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გაშიფვრას.

პროგრესი, ხელოვნება, ურთიერთობები ყოველთვის იყო ქაოსის დიზაინის მცდელობა, მაგრამ იაგუარი, რომელიც ყველაზე ადრე გაჩნდა, არსად წასულა და ისევ იქ არის, ჩვენი ავატარების უკან და ელოდება საკუთარ დროს. სამყაროსავით ძველი ინსტინქტებით აღჭურვილმა მტაცებელმა, მან იცის როდის იჯდეს ჩუმად ჯუნგლებში, 16 სართულიანი კორპუსების ხელა ხეების უკან და როდის გააკეთოს ნახტომი. ყველაფერი რაც ხდება, მომხდარა და მოხდება ეს ნახტომია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system