თავში

პირბადის მიღმა

პირბადის მიღმა
პირბადის მიღმა

ახლა ის დროა, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდნეს!", გეგონება სამყაროც დაიღალა, დაცარიელდა ყველა ქუჩა, ჩამოიფერთხა ტკივილები და ამოისუნთქა. ჩვენ კი გამოვიკეტეთ საკუთარ ნაჭუჭში, საიდანაც გახედვა და, მით უფრო, გასვლა გვეშინია, რადგან ახლა ჩვენ ერთი არა, ბევრნი ვართ და თუ მე პირბადედან ის მახრჩობელა შემეპარა, ესე იგი საფრთხეშია ყველა!

პირბადედან დანახული რეალობაც სხვაგვარია, ბავშვობიდან თვალების აცრემლებამ, ახლა ყველაზე ცუდ შედეგზე დამაფიქრა, ექიმმა ადრე მითხრა, რომ წყლიანი თვალი გაქვს და ეგ არაფერიო. "ეგ არაფერი" დღეს უკვე დაძინებისა და გაღვიძებისას შიშის "დიდი თვალებით" მიყურებს. ვიცი, რომ ხელით, ან ერთჯერადი ხელსაწმენდით თვალის ამოწმენდა, ან ცხვირზე თითის მიკარება, მაქსიმალურად შეზღუდულ ჩარჩოებში მოექცა. აკრძალული ხილის ამბავი კი იცით, უფრო გემრიელად გამოიყურება, ჩვენც ვჭამთ და მერე ვნანობთ.

ჩემი პროფესია ასეთია, ჩემი არჩევანიც, - ვიყო იქ, სადაც ხდება მთავარი ამბავი და მოვუყვე ყველას რეალობაზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებობს.

ახლაც ასეა, ერთადერთი, სადაც სრულიად ითიშება გონება და ვეღარ ვფიქრობ, რომ შესაძლოა მეც ვირუსის ერთ-ერთი მატარებელი აღმოვჩნდე, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო ებრძვის, გადაღებებზე ყოფნაა. ეს უკვე ჩემი პროფესიის სიმპტომია, როცა მთავარ თემაზე მუშაობ, ყველაზე ნაკლებად, ამ დროს, შენი თავი გედარდება, ან, უბრალოდ, არ გახსენდება, რომ უნდა გედარდებოდეს. ესეც ჩემი არჩევანია და მგონია, რომ სწორია.

ახლა უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რითიც დავიწყე წერა, ახლა ჩვენი თავი მარტო ჩვენი არ არის, ახლა ჩვენი სწორი ნაბიჯით, ირგვლივ მყოფებს ვიცავთ და ვაძლევთ მაგალითს, რომ ეს ომი ჩვენ ერთად უნდა მოვიგოთ.

დიახ ომი!!! რომელიც ახლა, დახურულ დარაბებს მიღმა, სიცარიელეში ბორგავს, დუმილით და ნაბიჯების ხმის გარეშე, ხმაურის და სიცილიანი წუთების გარეშე, მეგობრების, ნათესავების, ახალი ადამიანების გარეშე.

ეს ომია. რომელიც არ ჩანს, არც ხმა გვესმის, უბრალოდ კვდება ბევრი და ყოველი ფატალურად დასრულებული შემთხვევის შემდეგ, სამყაროს მასშტაბით, მხრების აჩეჩით, დუმილიანი თვალებით ვანიშნებთ ერთმანეთს, რომ წავაგეთ.

მერე კი რაღაც ძალა გვაფხიზლებს, ალბათ, იმედი, რომელიც დღე და ღამე, სიცოცხლის სადარაჯოსთან დგას, ჩვენი ექიმების სახით. ისინი ამ ომში წინა ხაზზე არიან და ამისთვის მადლობა! მადლობას ბევრჯერ ვეუბნებით, რადგან მსოფლიო ახლა ბეწვის ხიდზე გადის და ამ ბრძოლაში ჩვენი ექიმები ყველაზე სწორად ანაწილებენ ენერგიას, ცოდნას, პროფესიონალიზმს. ამაზე ბევრჯერ დაწერა მსოფლიო პრესამაც, ბევრიც დაიწერება. მადლობა და ბევრი ტაში, ადამიანებო !!!

ახლა გარეთ ორი-სამი მანქანის ხმა არღვევს საშიშ სიჩუმეს და ადამიანების ხმის დეფიციტია. ვიცი, ამასაც გადავიტანთ, თან ძალიან მალე და უფრო მალე, თუ გავაანალიზებთ, რომ ერთი ადამიანის ჯანმრთელობა, ათასობით მოქალაქის სიცოცხლის გარანტიაა.

ჩვენ ამ ომს ერთად მოვიგებთ და ალბათ, ამასობაში, დედამიწასაც მოსწყინდება ჩვენი სახლში ჩაკეტვა, დაისვენებს და გამოგვიშვებს გარეთ.

თუმცა, მანამდე დროა, ხვალ ისევ ახალ სტატისტიკაზე მოგვიწევს ლაპარაკი, ახალ ადამიანებზე, ინფიცირებულებზე, გამოჯანმრთელებულებზე და ზეგ კი ერთად ავითვალოთ დრო უკან, 10 იდან 0-მდე... მერე ამაზეც ვილაპარაკოთ....

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system