თავში

შიზომითი - ზურა ჯიშკარიანი

​შიზომითი - ზურა ჯიშკარიანი
შიზომითი - ზურა ჯიშკარიანი

ყოველ ღამე, ძილში ჩვენ ვეჩეხებით ფანტასტიურ არსებებსა და ლანდშაფტებს, კაცობირიობის მიერ დაგროვებული იმ ინფორმაციების ნაგლეჯებს, რომლებსაცკარლ გუსტავ იუნგი არქეტიპებს ეძახდა. მხოლოდ მათ ვინც იცის სიმბლოების გრამატიკა, შეუძლია გაშიფროს ეს უცნაური სცენები: ცხენი ზღვის პირას ზამთრის თოვლში როგორც გლოვა, დიდი დედა რომელიც ამზადებს გემრიელ საჭმელს, კენტავრები კლდის თავზე - ეს ყველაფერი ჩვენი ღრმაფსიქიკური პროცესებისვიზუალური მეტაფორებია. სიზმრები ჩვენი პერსონალური მითებია, საიდანაც კაცობორიობის ცოდნა ჟონავს ჩვენში, ამიტომ შემდგომში კარგად დააკვირდი შენი მითის პერსონაჟს, გამოელაპარაკე მას, ჰკითხე რა სურს - სავარაუდოდ ის იმას გეტყვის თუ რა გსურს შენ და დილით ახალგაღვიძებული შენ ახალი ცოდნით დაბრუნდები ყოველდღიურობის წრებრუნვაში.

"ცნობილმა მეცნიერმა, შედარებითი მითოლოგიის დოქტორმა ჯოზეფ კემპბელმა ერთერთი უდიდესი აღმოჩენა გააკეთა, როცა მსოფლიოს თითქმის ყველა მითის ლეგენდისა თუ თქმულების გაანალიზებით, მათი ერთმანეთთან შედარებით მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთისგან ყველაზე შორს მცხოვრებ ადამიანთა მითებშიც კი - საერთო და ერთნაირი პატერნები მეორდება, რომ ყველაზე შორეული ხალხის მითებიც კი იმეორებენ ერთმანეთის სიუჟეტურ ხაზებს და რომ მითის გმირი ყველგან, ყველა კულტურასა და დროში ერთსადაიმავე გზას გადის.

ჯოზეფ კემპბელმა თავის გამოყვანილ სტრუქტურას “მონომითი” უწოდა და გადმოსცა ნაშრომში “ათასსახოვანი გმირი”. მონომითის მიხედვით ყველა მითის გმირი გადის ერთ წრიულ სტრუქტურას, ხშირად ამას “კემპბელის სქემას” უწოდებენ. მონომითში ჩამოწერილია ინიციაციის პუნქტები, მაგ. «ძახილი თავგადასავლებისკენ», «ბრძენთან შეხვედრა», «დამხმარეების შეძენა», «პირველი ზღურბლის გადალახვა», «უფსკრულში ჩასვლა» და სხვა. ყოველი ჩვენგანი სადღაც გულის სიღრმეში სწორედ ეს გმირია, იმ განსხვავებით გაყვება თუ არა ესა თუ ის ადამიანი ე.წ. «ძახილს თავგადასავლისკენ». ის ვინც უარს ამბობს ამ ძახილზე, რჩება ჩეულებრივ სამყაროში, ხოლო ის ვინ პასუხს გასცემს ძახილს – დგება გმირის გზაზე, მას წინ «მონომითში» აღწერილი გამოცდები და დავალებები ელოდება, რომელთა სწორად გავლისას გმირი განიცდის ტრანსცენდენციას და აბსოლუტურად განახლებული და ახალი მაგიური ცოდნით უბრუნდება ყოველდღიურობას.»

მაგრამ თუ არსებობს «მონომითი» - წრე რომელსაც გადის გმირი და ახალი ცოდნით ბრუნდება უკან, აუცილებლად იარსებებს «შიზომითიც» - ექიმების კალიგრაფიასავით დაკლაკნილი გზები იმ გმირებისა, რომლებმაც წრე ვერ გაიარეს, რომლებიც რაღაც მომენტში აცდნენ ინიციაციის შემდეგ პუნქტს და ეხლა დაკარგულები დაიარებიან უცხო ველებსა და ტერიტორიებზე, პოულობენ შიზომითში დაკარგული სხვა გმირების თავის ქალებს – იმათი ვინც უკვე დიდი ხნის წინ მოხვდა აქ და ვერ იპოვა გზა უკან. შიზომითი სავსეა სულში დაბუდებულლი წყდვიადით, ბნელი ღრუბლებით, ის ლიმბოს გავს – ადგილს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.

ვინ იცის იქნებ შენ შიზომითში დაიკარგე? დრაკონები, რომლებიც აქ გხვდებიან, დავალებები რომლებსაც აქ ასრულებ, ეს ყველაფერი თითქოს ფუჭი ინიციაციებია – გრძნობ რომ ვერ გადადიხარ შემდეგ ლეველზე და გადაღლილი, სასოწარკვეთილი ეძებ გზას უკან, მონომითის წრეში.

აქ გხვდებიან დამხმარეები, რომლებიც არასწორ გზას გაჩვენებენ, სოფლები, სადაც ცხოვრობენ მშიერი სულები, დაისებზე შორს ისმის ყმუილი ელექტრო მგლების და თვითონ დაისებიც მელანქოლიის ფერია, ჰეკატეს გზასაყარებზე ქარი ყველა მხრიდან ქრის და შენი ცხენი ვერ ხვდება საით გაუხვიოს.

ამის მიუხედავად შენ ყოველდღე წმენდ სკუთარ სატევარს და სხვა იარაღებს, ყოველდღე აღავლენ გმირის ლოცვას AM სიხშირეებზე, თუმცა ეს ლოცვა აქაური კორპუსების ანტენებსა და დაჟანგულ რადიოსადგურებს შორს ვერ მიაქვთ, სიტყვანარევ შიშინებად თუ გაისმებიან მონომითის სტრატეგიულ პუნქტებში.

შენ აქ უკვე შეხვდი ბირთვული მომავლის ამრეკლავ მაიმუნებს სარკეებით სახეების ნაცვლად, ცადაკარგულ ქერუბიმებს კალაშნიკოვებით და საიდენტიფიკაციო ნომრებით ტატუებად, ველურ ბავშვებს, რომლებაც გუშინ დამარხეს დიდი დედა და დარჩნენ ობლად, როგორც მგლების ხროვა და არავინ იცის რას იზამს ეს ხროვა ხვალ და შენ გესმის მათი ობლობის, მოლაპარაკე კორპუსებს, ამოზრდილებს მიწიდან როგორც მუხა – ისინი საუბრობდნენ დინჯად და სხვადასხვა ფანჯრებში შუქების ანთება-ჩაქრობის მორზეს ანბანით.

შენ ნახე კენტავრების გენოციდი, ლიმბოში შემთხვევით მოხვედრილი გადამფრენი თვითმფრინავები, მარადიულ ტურბულენტურ ზონას რომ ებრძოდნენ, სასიკვდილო სნეულებით დაავადებული ულამაზესი სირინოზები დიდი შინაგანი სიჩუმის ზღვასთან. შენ მათ ვერ უშველიდი, მხოლოდ დუმილი იყო თქვენს შორის და თვალიდან გადმოცვენილი ცრემლის ნაკადი.

სადღაც გზაზე ნახე საკუთარი გვამიც, ისეთი იასამნისფერი - თითქოს საბავშო აკვარელით შეღებეს, მიგდებული მბჟუტავი მზის ქვეშ ფიქრების ნისლში – შენ ის დამარხე უემოციოდ და ღრმად, სადაც არ აღწევენ გარესამყაროს ხმები და გზა აიღე დასავლეთისკენ, იქ სადაც ბებერ ლის შენს გაცრეცილ რუკაზე აღნიშნული აქვს «მკვდრების მიწები». მისი თქმით, თუ ვინმე გადალახავს ამ მიწებს – მოიპოვებს უკვდავებას. უკვდავება შენ არ გჭირდება, შენ უბრალოდ ეძებ გამოსავალს ამ მინოტავრის ილუზორული ლაბირინთიდან.

აქაურ ბაზრობებზე ურთიერთგამომრიცხავი რუკები იყიდება, ყველა გამყიდველი საკუთარს აქებს და ჭეშმარიტ რუკად ასახელებს, ფულის ნაცვლად სულის ნაწილაკები მიიღება მხოლოდ.

გნოსტიკოსი კიბორგების კატაკომბებში კი გთავაზობენ შენი ორგანული თვალები ჩაანაცვლო კიბერნეტიკული ჩიპებით, რომლებსაც ღამის ხედვის ოპცია მოყვება უფასოდ, გეუბნებიან ამოიღო გული, რომელიც კაეშანს ატარებს და გადაცვალო ის მიკრო-შავ ხვრელზე, გთავაზობენ შეეშვა მარტოსულ ლოცვებს და შეუერთდე მათ რადიოსადგურს, აქედან უფრო მეტ სიხშირეზე გადის სიგნალი. იქნებ ვინმემ დაიჭიროს ეს სიხშირე, იქნებ ვინმემ შეისმინოს ეს ლოცვები.

არავინ იცის რას იზამ შემდეგს - არავინ იცის გამოხვალ თუ არა შიზომითიდან და დაუბრუნდები თუ არა «გმირის გზას», მაგრამ ამ მითსაც თავისებური სილამაზე გააჩნია, ჩამთრევი როგორც ღრმა ჭაობი, უსასრულო მინდვრებით სავსე პეიზაჟებით, არსებებით, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებოდი. და სადღაც ჩნდება მბჟუტავი იმედი იმისა, რომ იქნებ შენ ცდები და ესაა ნამდვილი მონომითის გამოცდები, ე.წ. «სულის ბნელი ღამე», სადაც ერთერთ პუნქტად დასახელებულია გმირის დაღმასვლა აიდის იგივე სიკვდილის სამყაროში, მისი გარდაცვალება და ფერიცვალება. და იქნებ, იქნებ ეს სწორედ ის მონაკვეთია რომელიც გმირმა უნდა გაიაროს, რომ ხელახლა დაიბადოს წყვდიადის მთელი ამ ცოდნით გონებაში, რათა მოემზადოს ახალი მზისთვის.

არავინ იცის. პასუხები შენს კითხვებზე ამ მიწებში არავის გააჩნია. შენი მეგობრები აქ არ არიან. დედაშენი აქ არაა, რჩევა რომ ჰკითხო.

«მე დემონები ქროლვით მარადით
მომაგონებენ დაფარულ შხამით,
რომ უიმედოდ მივქროდი ღამით
გატეხილ შუბით და მუზარადით."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system