თავში

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 01

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 01
ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 01

საბოლოო ინსტრუქციები (ამონარიდები ანგელოლოგიიდან)

დავალება: "საჭიროა შელოცვებივით მუშა და ზუსტი მითო-რიტუალური ტერმინო-სისტემის თავიდან შექმნა → ცდისპირების ინდოქტრინაციისა და ახალი არქეტიპული სიუჟეტების გენერატორი და რეკომბინატორი software-ისთვის, რომელიც ვარსკვლავთმისნობისა და სანსარას კარმა-კაზინოს მუშაობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული. ასევე, საჭიროა ცდისპირი, თუნდაც დისფუნქციონალური ფიქრებით სავსე - რომელიც მზად იქნება დათმოს "მე"-ს ყველა შრე, რათა გადაიქცეს კრისტალურად სუფთა პორტალად, რომლის გავლითაც შესაძლებელი გახდება პრე-ონტოლოგიურ ფონში პატრიზანული შეღწევა და კოსმოსთწარმოების განსხვავებული ნაღმების დადება, ამ ფონში ათქვეფის რისკად. თუ მზად ხარ, დააჭირე ღილაკს "არა", ესეც სტრატეგიის ნაწილია"

01. სიკვდილი დაგიდასტურებს აელვარებულ სამყაროს ქარების დასაცავად თუ გახვალ ღია სივრცეში ენერგეტიკაზე ლოცვით გულჩაბნელებულო მზეჭაბუკო.

02. სიცოცხლის ფესტივალზე არ არსებობს მომხმარებელი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება, რამდენი დამატებითი მფრაველი ანგელოზიც არ უნდა დაიქირავოთ ბოდიგარდად, დასასრული ყოველთვის ფატალური და ბანალურია. თუნდაც მათ ქონდეთ ბეტონის სისხლი, თუნდაც ორიენტირებულნი იყვნენ მორჩილებაზე თვეებში, არცერთი ვარაუდი არ ადის ზედა უსასრულობამდე. ეს კარგად იციან იმათ ვინც გეტოებში შეუამხანაგდნენ ერთმანეთს და გრძნობენ ერთმანეთის ლიმიტს, განსაკუთრებით ვისი დაბადებაც სამომხარებლო სფეროში პასუხისმგებლობების აწევას დაემთხვა. დაუდგით მათ ბიუსტები რეალობის კომუნიკაციისთვის! მათ იცოდნენ მულტფილმის ყვავილებთან ტაქტილური კომუნიკაციის დამყარება. განა ამაზე ლამაზი რა შეიძლება განიცადო?

03. დეკარტის ქალაქი, მაჯის საათზე სულ კომენდანტის საათი, სხვის თვალებს სხვების თვალები CCTV კამერებივით იყენებენ, “აკეთე {...რაღაც...} / სანამ {...რაღაც…} loop-ი”, “აქ ანგელოზებს საახალწლო გოჭებივით კლავენ შვილო” - გითხრა სანიტარმა ქალმა როცა იკითხე “სად მოვხვდი?”. მაშ, მიიღე ინსტრუქცია კორპუსისდარი ანგელოზისგან: დამალე შარავანდედი hood-ის ქვეშ, არ დაასახელო შენი ვინაობა, არ მოიხსენიო სახელები შენი დემონების ამაოსა ზედა და არც პოლიციის ოქმისთვის(განსაკუთრებით ოქმისთვის), არც ვარსკვლავთმეტყველება წამოგცდეს სადმე: ყურები აქვთ კედლებს და ყველა ტყე ისმინება - უბრალოდ ყოველთვის გახსოვდეს 1.ვინ არის დედაი შენი და 2.გახსოვდეს სად დაგმარხეს. ეს მნიშვნელოვანია, იცოდე სად ხარ დამარხული, რამეთუ რადგან მოვა დრო - ზუსტი ლოკაციების ციფრები მოგვაწოდო google map-ზე და ჩვენ მოვალთ, რათა წამოგაყენოთ. ვინაიდან: კორპუსში დაცემულები - ლიმბოში წამოდგებიან, რომ შემდეგ სასურველი სამყარო აირჩიონ და გაიხარონ, დაწესებულებებში დაცემულები - უფლის ტახტზე გაახელენ თვალს და არ შეეშინდებათ რომ ჩაირთვება ღმერთის სიგნალიზაცია - ჩვენ მას გავთიშავთ. ზღვაში დაკარგულები - მოულოდნელ შუქურებს იხილავენ როგორც ვარსკვლავებს ცაში, რომლითაც მცოდნეს შეუძლია გაიკვლიოს გზა ედემის ქალაქებისკენ და ა.შ. და ა.შ.

04. ტრადიციული სახელმწიფო სიკვდილი ცნობს ინტეგრაციას “აჩრდილის არქეტიპისა” სამოქალაქო პოზიციასთან, მაგრამ არ გააჩნია რეინკარნაციის საკონტროლო პაკეტები. ეგ სხვაგან უნდა ეძებო.

05. ალბათ დროა მივმართოთ წარსულის მეთოდს ბაგეების დასტიმულირებაზე რასაც ეძახიან "ტუჩებზე კოცნას", რათა ზღაპრული პრინც-ეს-ბაყაყებიც და მივიწყებული მკვდრებიც - კვლავ ალაპარაკდნენ და თქვან - რა და როგორ. თორემ სხვაგვარად, ასე ისევ ცოცხლებს თუ უსმინე - ვერაფერს გაიგებ. შენ გგონია ისინი შენზე ფიქრობენ, ჭეშარიტება კი ისაა რომ ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ვისაც არ სჯერა აბა დაფიქრდეს.

06. მაგიდაზე ზაფხული ედო გადაშლილი წიგნივით და ვინდოუსის მოუწესრიგებელი file-ბი შრიალებდნენ გარეთ. ბირთვული, კორპუსისდარი და გაუცხოებული - მონოლოგს ფიქრობდა შემზარავი ცისადმი, ტროპიკული სიკვდილისადმი.

დაცემული დაიყვირა, მიღებული ზომები იტირა, წიგნის მესამე თავი - “აგვისტო” გადაშალა რომელიღაც გვერდზე ჩვენ რომ გვიხილა და სტერილური სატელევიზიო ხმით გამოუშვა პირიდან მელანქოლია უნახავი ქალაქების. -- "ისინი სერვერიდან ტირიან, ცრემლები სერვერიდან მოეწოდებათ" - ჩაგვიჩურჩულა ანგელოლოგმა და ოპტიკურ-ბოჭკოვან ყვავილებს კიდევ უფრო მოუჭირა ხელი, თითქოს ხელს მუშტად თუ შეკრავდა - არ აატირებდა სტენოგრაფია მოწოლილი ფიქრების.

07. გული დასაცემენტებელია, მაგრამ როგორც მიწისძვრამდგრადი შენობა. თუ საფუძველმა არ იქანავა ისე არ გამოვა. მკვდარი დღეების რეანიმირება გაცრეცილ საწოლზე. რით აცოცხლებენ მკვდარ დღეებს? სექსით? ნარკოტიკებით? იქნებ გადატენილი იარაღით? უკვე არ მახსოვს, უკვე არ მჯერა. აკეთე/სანამ ლუპი. Do/While Loop. მე მინდა მჯეროდეს გათენების, სადაც გუშინდელი დღეები არ მოგყვებიან მეხსიერებაში როგორც ცუდი სიზმარი გაცრეცილი პერსონაჟებით.თითქოს ყოველი ძილის დროს ტვინი ლეპტოპს არესტარტებს და ცე დისკი მთლიანად იშლება. გათენების, სადაც მოგონებებს არ აქვთ ადგილი: გაქვს ცარიელი ტვინი და ცარიელი გული, რომელიც ზუსტად იმიტომ რომ ცარიელია - მზადაა თავისთავში მთელი სამყაროს საოცრებები დაიტიოს: სუბტროპიკული სიზმრები და დეციმეტრული ანტენები, ზღვიდან და დაისიდან მომავალი ლიანდაგები და შავი ხვრელი, Uzi და “ქებათა ქება სოლომონისა”. უკეთესი იქნებოდა საერთოდ უგულო იყო. მაშინ ეს მოვლენები კი არ დაგროვდებოდა შენში, როგორც სანაგვე ყუთში. ისინი უბრალოდ გაივლიდნენ შენში და ასე გახდებოდი უნივერსალური გამტარი: ელექტროობის ოცნება - ალბათ ესაა არსებობის ყველაზე სწორი ფორმა: როცა ყველაფერს გრძნობ მაგრამ არაფერს აგროვებ. არც ეგო, არც პირადი ისტორია, არც "სტენკა სახლში" -- მხოლოდ შეგრძნებების და ხილვების კასკადი, რომელიც მიედინება.

08. “თუ ხელს ბოლომდე არ ჩაიქნევ - ისე ვერ აფრინდები” ძველი ანგელოზური ანდაზა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system