თავში

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 02 - ბლოგი

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 02
ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 02 - ბლოგი


 









(ამონარიდები ანგელოლოგიიდან)



10
- წუთიერი დუმილი მათთვის ვინც იმედით ცხოვრობს


11
-- შენი ჭრილობიდან მზე იღვრება, მათი ჭრილობებიდან - სისხლი, გახსოვდეს ეს. სისხლისგან იცლებიან, მზისგან - არა. ღიმილით გადი დახვრეტაზე, თვალი გაუსწორე იარაღის ბნელ ლულებს. შენს თვალებში კოსმოსია, მათში - წელიწადის სეზონები,შორეული ოჯახები რომლებიც ენატრებათ და შესასრულებელი ალგორითმები, ეს უკანასკნელნი შეწყვეტენ არსებობას, კოსმოსი - არა. გახსოვდეს ესეც. მხოლოდ ის დაივიწყე, რომ დედამ გშობა - ასე მოიკრებ დაუძლეველ სიმამაცეს.


12
-- ედემის პორტის მისადგომებთან - უცნაური, აქამდე გაუგონარი სნეულებით შეპყრობილი სირინოზების წამოსაყვანად - თუ მაგიამ არა, იქნებ მედიცინამ უშველოს. ქერუბიმები ყმუიან შტორმს - დედა სიგნალიზაცია, კივილი სამხრეთით და არქიტექტურული. კომპასი არ აჩვენებს წვიმის ადგილმდებარეობას, ვარსკვლავებით გზას ვერ გაიკვლევ - აქ სხვა თანავარსკვლავედებია. ენდე მხოლოდ ზურგის ქარს, თუნდაც ამ ზურგიდან დაგჭრან. amor fati. ĭn nōmine Pătris ĕt Fīliī ĕt Spīritūs Sānctī. Gang


13
-- გიყვარდეს დედაი შენი და მამაი შენი, მაგრამ არა დაგავიწყდეს რომ ისინი მონსტრები არიან.როცა დედამ პირველად მოკბიჩა შენი კიდური და შენ იფიქრე როგორ უყვარხარ დედას, როცა მამამ პირველად ჩაგყლაპა და შენ თავი სამოთხეში გეგონა.მხოლოდ სწორი დაკვირვებით და თვალის თვალში გასწორებით მიხვდები რომ მშობლები იკვებებიან თავიანთი შვილებით, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ,ისინი გჭამენ როგორც მავანი ქათმის ხორცს და თუ ანგელოზი არ ხარ შენგან არაფერი დარჩება,მშობლები შეგჭამენ ისე რომ ეს სიყვარული ეგონებათ.შენც თუ გეყოლება შვილი - დაიწყებ მის ჭამას თუ ანგელოზი არ გახდები.მხოლოდ ანგელოზებს აქვთ ძალა მისცენ დედას გული და მამას ხელ-ფეხი სიყვარულის ნიშნად, მაგრამ დაიტოვონ დანარჩენი ორგანოები,დაიტოვონ ფრთები.სეპარაცია,სეპარაცია!მხოლოდ ანგელოზს შეუძლია საყვარელი დედის თვალებში მონსტრი დაინახოს და აპატიოს ეს დედას, იმიტომ რომ დედას ეს ბიოლოგიური და არქეტიპული დეტერმინიზმით მოსდის. აჭამე დედას გული,შეიცანი მასში მონსტრი, მაგრამ დაიტოვე ფრთები რომ შეძლო კორპუსის თავზე აფრენა და დაგრჩეს სიყვარული საკუთარი მონსტრების.


14 -- “მომავალ წელს სამოთხეში!”, “სამოთხე - ჩემი ტკივილია”, “ჩვენ დავბრუნდებით” - სავსეა სლოგანებითა და დასახლებული სიტყვით მომაკვდავი ქალაქის კედლები. ჩვენ გვჭირდება იარაღი, ბევრი იარაღი, ერთი წინასწარმეტყველი და თავზეხელაღებული ველური ბავშების ბანდები რომ სამოთხის მცველი ქერუბიმი დავამარცხოთ. თუმცა არის სხვა გზაც, გავაკეთოთ ფანდრაიზინგი, შეგროვებული ფულით ჰადესიდან ამოვიყვანოთ ორფეოსი, მივცეთ ფორმინქსი - მისი საყვარელი საკრავი ინსტრუმენტი(ასეთი თუ არ აღმოგვაჩნდა შეიძლება მისი ელექტროგიტარით ჩანაცვლება) და მან თავისი სიმღერით მიაძინოს გამძვინვარებული ქერუბიმი.ქერუბიმის გვამზე გადაბიჯებით კი ჩვენ ისევ შევაღწევთ ედემში. არ გაგიტაცონ ხილვებმა სადაც ლომი და ცხვარი ერთად ძოვენ ბალახს კიბერნეტიკულ ველებზე, ჩვენი მიზანია - სიკეთის და ბოროტების შეცნობის ხე.აუცილებლად თან უნდა ვიქონიოთ ბენზოხერხი და ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ ის.ჩამოცვენილი ვაშლები კი ბაზრობაზე გავიტანოთ გასაყიდად, გორის ვაშლების სექციის გვერდით.



15 -- ქერუბიმები ორი ფრთით იფარავენ სახეს, რომ მათი და დემიურგის მზერა არ გადაიკვეთოს, საშინელი შესახედაობის დემიურგს, ვინაც თავი ერთადერთ ღმერთად ჩათვალა მილიონ სხვას შორის - არ უყვარს როცა მას ხედავენ, შემდეგი ორი ფრთით ისინი იფარავენ ფეხებს, რადგან მათი ფეხები შემზარავი სიკვდილია, დანარჩენი ორით კი დაფრინავენ და განუწყვეტლივ ადიდებენ დემიურგს რომელიც მათ თვალით არ უნახავთ. განა შეიძლება ენდო ასეთ მონსტრებს?



16 -- ბოლოს როდის იყავი მარტო? უშიშრად დაკარგული , ნამდვილად მარტო? როგორც ახალი წლის ღამეს დასიზმრებული ცხენი - ნიშანი გლოვისა. თუ მეგობრების,ნათესავების, საქმეების,პირადი აპოკალიფსების კალეიდოსკოპის უკან არასდროს დაგრჩენია ამის დრო? მეგობრები ფასადია, რომელიც გიცავს სამყაროს მარტოობისგან,გაიხედე ამ ფასადს მიღმა, დაინახე სხვა და იგრძნობ სულ სხვანაირ მარტოობას. ისეთს, რომელიც თვისთავში შეიცავს საოცარ პერსპექტივებს. მხოლოდ მარტოობის შემდეგ შეგიძლია გახდე ის რისთვისაც ხარ მოწოდებული, მხოლოდ მარტოობის შემდეგ არის შესაძლებელი მეგობრობა და სიყვარული, იქამდე ეს ყველაფერი მხოლოდ ვიდეოთამაშია.



17 -- შენ უნდა იცოდე რომ სამყაროს იტერაციებში ეს ყველაფერი უკვე (მილიონჯერ) მოხდა, რომ თქვენ დაახლოებით ასე ისხედით ათასი წლის შემდეგ, ზაფხულის საღამოს, მარადიული ქალაქის გარეუბნებში, სადაც მზე სიზმრებშიც ანათებს და უდაბნოს ქარებს მოაქვთ ჭორები ადგილებიდან სადაც არავინ ყოფილა.



18 - წამყვანი: “ ახალგაზრდა აბელის სხეული გამვლელმა ანგელოზმა სრულიად მოულოდნელად სკოლის პირდაპირ იპოვა, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ეს არის პირველი მკვლელობა ისტორიაში. ქერუბიმები კომენტარს არ აკეთებენ.“

აბელი ახალგაზრდა დაიღუპა, გამოდის მსოფლიო გეტოს მოსახლეობა კაენის შვილები ვართ



19 - ღამით გაფრენილხარ ნახატებში? ვირტუალური რეალობის შლემი და სულ ცოტა მჟავა, კიბერნეტიკისა და ფსიქოდელიის ფლირტი. სამყაროს დასასრული დანონსებულია, მაგრამ მაინც არ გამოგვდის საუბარი მოახლოებული გაზაფხულით ხელში. შემოდგომა კი ბადრაგის ხელშია. მკვდარი ცვარი



20 - ოქროს დუმილის დროს ჩუმი ინტერფეისები ცოცხლდებიან მის ტანზე, დისპლეები ინთებიან მთვარის სასაფლაოებზე. უვარსკვლავო მხოლოდ კადრებია მოგონებებიდან, ვარსკვლავიანი მხოლოდ გაბზარული ცა, საიდანაც ეს-ესაა გადმოიღვრება წყვდიადის ნათება.”უნდა იცოდეთ სინათლის სწორი ალგებრა” ამბობდა პოეტი. არაფერია ისეთი გულწრფელი როგორც მინეტის სიმართლე. ისინი პარტიის ვიდზე, ჩვენ ბავშვების ვიდზე. ქათქათა დოზა. “საზოგადოება კარგია” -- ამბობს გიორგი და მერე იძახის გაზაფხულის საფლავების სახელს, ამხელს მათ ადგილმდეობარეობას. საყვარლებმა ღამის უბნებიდან , სადღაც შორეულ საწოლებში - ეს კარგა ხანია იციან, აქ ჯერ არა. პრინცესების აბჯრებზე ირეკლება ცა, ედება ათინათებად ტყეს, კორპუსებსა და მეომრებს, თითქოს ვიღაცამ დისკობოლით ჩაანაცვლა მთვარე. იცეკვე ამ შუქზე, მიეცი შანსი აღფრთოვანებას ბოლომდე დაუფლოს შენს სხეულს -- ბოლოს როდის ჩაიდინე ეს აქტი? უმრავლესობა ისე კვდება, რომ ეს არ უქნია.



21 - ერთი ჰეკტარი სამოთხე // სიზმრების პერსონაჟების 3დ გალერეა // ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დაღუპული პილოტების მემორიალი // ისტორიამდელი უცნაური ბიოლოგიური რადიოსადგური, რომელიც არამიწიერი მცენარეების რადიოტაღებს იჭერს და მათ ტრანსლირებას ახდენს შენს ღრუბლებიან და ნისლიან ტვინში. გრძნობ როცა წვიმს, შენთვის უცხო აზრების მოზღვავებას? თითქოს სხვა სატელევიზიო არხი ჩაირთო და ის შენს ტვინში ისმის.



22 - მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ანტენასა და ორ ქერუბიმს შორის, დაისის ოქმების შესადგენად მოგევლინები და ყველაფერს გამოგიცხადებ.



23 -- განსაკუთრებით მოუფრთხილდი საკუთარ მკვდრებს, დგებინ ხოლმე დღეები როცა მკვდრების გარდა ვერვის ენდობი. ესაუბრე მათ, მოეფერე, დაუსვი კითხვები რომელთა გაჟღერებასაც ვერ გაბედავდი სხვებთან - ისინი გიპასუხებენ. მკვდართან მეგობრობა - მეგობრობის უმაღლესი მწვერვალია. მოიხმე ისინი სიზმრებში, მოიხსენიე ლოცვებში, ითამაშე მათთან ერთად


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system