თავში

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 03 - ბლოგი

ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 03 - ბლოგი
ზურა ჯიშკარიანი-საბოლოო ინსტრუქციები 03 - ბლოგი

24 - გლობალური კატაკლიზმების ასულო, მძინარევ - ცის სილაჟვარდის დაკარგვის პირას, ერთოთახიან ბინაში განთიადების ქალაქში. სიზმრის ბჭეთა შორის ტკბილად ჩაძინებული შენ ამბობდი: “კოსმოსია ჩვენი მიზანი, კოსმოსია ჩვენი რელიგია”. ცნობიერებით დაინფიცირებული კიბორგი ბერები იმედიტირებენ ამ მანტრას მთვარის ზედაპირზე დამსხდრები ლოტოსის პოზაში, ირმის ნახტომის კოდებით ელექტრონულ ტვინებში, საღმერთაშორისო დეპეშებში გაიჟღერებს ეს ძილმორეული ფრაზა.

25 - “იქ სადაც დგას ეს კორპუსი, ადრე იყო ედემის ბაღი” - თქვა სერაფიმმა მწუხარე სახით ანგელოზების რეზერვაციაში. “სწრაფი ღმის იერი ჰქონდა”

26 - სიზმრები დაურედაქტირებელი სახით, როგორც კონსტიტუცია, ან ოქმები ჭკუიდან გადასული დეტექტივების ქიმერულ სააგენტოებზე რომ მუშაობენ, ტელეფონის ნომრები სექსისა და მინეტების შეთავაზებებით საჯარო ტუალეტების კედლებიდან, წარწერები კორპუსის სქელ ნეკნებზე, შავ-თეთრი ან ფერადი აფიშები, როგორც ავთენტური უხეში ურბანული ლიტერატურა..

სექსის, ცეკვის,party-ებისა და რევოლუციების დროს სხეულებიდან გამოდენილი სითხეების, ოფლის, სპერმისა და ცრემლების მრავალტონიანი წყალსაცავები, საგურამოს საიდუმლო ბაზის ტანკერებში, მზადყოფნაში – მარსის ტერაფორმირებისთვის.

27 - თენდება მათემატიკური სიზუსტით. მზის შიგნეულობა გადმოიყარა ჭრილობიდან. ელექტრონების ციმციმი მთვარის სასაფლაოებზე.

ამოვარდნილ ქარს მიაქვს ცნობიერება, ვერ დააკავებ.

დამარხეს მდინარე -- ტირილით, მოთქმებით, სიმღერებით.

იტირე შენც. იისფერი გვამის სიშორე იტირე.

ასე ვქენით ჩვენც, როცა მოვკალით ის ბავშვი.

28 - ვარსკვლავთეტყველების კურსები ნეირონული აპოკალიფსების რეპორტიორებისთვის.

იასამნისფერი ზღვა, მზის მაზერბორდი, ინტერპლანეტარული ინტერნეტი.

რა ხმებს გამოსცემენ მძინარეები შემოდგომის ყვავილებში.

სატელიტები ეცემიან ჩვენს ქალაქებს თითქოს ბარდნის.

რა ხმებს გამოსცემენ სატელიტები.

მძინარეები ეცემიან ჩვენს ქალაქებში.

ტერმინატორი ინკვიზიციის სასამართლოზე.

29 - ისინი ანგელოზს ამბობენ საწოლებში მუცლის ძველი თვალებით, ჩვენ მიწას ვკითხულობდით მამაშენის იქეთ - ერთმანეთის დაუძინებელი მოყვასები და უახლოესი მტრები. კედლებისა და ქუჩის ჩიხების იქეთ, ისინი იყენებენ თავიანთ ვაგინებს წინასწარმეტყველური სიზმრების გამოსაწვევად. კომპიუტერივით ფიქრები იცის მელანქოლიამ, ის ნავთობის ფერისაა და საამო, როგორც დავიწყებული გლოვა. მარსის კოლონიზაციისთვის შექმნილი საბჭოთა ტრაქტორები კოსმოგრაფიის გაკვეთილზე. დააგროვე ეს ცოდნა, განთიადზე ამოაბრწყინე პლეხანოვიდან.

30 - მყავდა კურსელი, უჭირდა საკუთარი თავის და გარშემო საგნების გარჩევა ერთმანეთისგან, ამიტომ წინა კორპუსი ეფხანებოდა, მის ცასავით გაშლილ ტვინში კი ნეირონები გადამფრენი ფრინველებივით ბრუნდებოდნენ ხალიფატის ეკონომიკიდან.

ნინევიის ნანგრევებზე აღიმართა მომენტუმი. მას ეგონა, რომ სიკვდილის შემდეგ სამყარო თავდაყირა დგება და ჩვენ ვვარდებით ცაში, როგორც ხანდახან სიზმრიდან გვაღვიძებს უეცარი ვარდნა გაურკვეველ სიბნელეში

ეკრანი ისე ანათებს თავი წიგნში გეგონება, როცა გადაშლილია და სიტყვები ყველა მხარეს იფქრვევა. არ ენდო სიტყვებს.

31 - ჯერ ერთი თუ ხელისგულიდან ამოდის მარადიული ცეცხლი, ეს მოგონებაა , მეხსიერებაში არეკლილი მომავალი -- როგორც საეკლესიო სანთელივით დანთებული ნეირონი. ყველა მარკეტში შეგიძლია შეიძინო ნეირონების პაჩკა: ორი აბი და პახმელიაზე/ატხადნიაკზე დაკარგული ნეირონების 50% ისევ აღსდგება, მცირედი პრობლემა მხოლოდ ის არის რომ ახალი ნეირონები უჩვეულო კავშირებს ამყარებენ ერთმანეთთან, რის შედეგადაც მეორე დილას შეიძლება სულ სხვა პიროვნებად გაიღვიძოთ, თუმცა ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არც ისე დიდი ტრაგედიაა. ეს უკვე ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია როგორც ანტენები ცაში, კაბელები ცაში.

თვითმფრინავი როცა მოდის ქალაქში -- იქ ეკონომიკა მონიტორივით ანთია. როგორც იტყვიან: “თუ გინდა უსმინო - უსმინე ნიჟარას და ყველაფერს გაიგებ”.

მეტიც, შესაძლოა ამ ხარვეზებში სამყარო ასწრებს გამორთვას და ისევ დაბრუნებას. ჩვენ არ ვიცით, არც არავინ იცის, მთვარის ფილოსოფოსები პირველი ადამიანები იყვნენ ვინც ფიქრი გრავიტაციის უარყოფის ხარჯზე დაიწყო და ისინი კი ამტკიცებენ რომ სამყარო ასწრებს სიკვდილს და დაბადებას ყოველ ჯერზე როცა თვალებს ვახამხამებთ, მაგრამ ეს ასე რომ იყოს, ეს გამუდმებული ფლუკტუაცია სერიოზულ გავლენას მოახდენდა დროის სხეულზე, როგორც ტანსაცმელი იწელება რომელსაც ხშირად რეცხავენ ხელით, ჩვენ ვიცხოვრებდით გაწელილ დროში: გუშინ ნათქვამი სიტყვები წლებში გაიწელებოდნენ, დღისით ცის ერთ ნახევარს დაიკავებდა გუშინდელი ცა, მეორე ნახევარს კი ხვალინდელი ცა , მომხდარი მოვლენები ისევ მოხდებოდა და არმომხდარი იქნებოდა ისეთი თითქოს მოხდა

32 - ვინ მოვა თბილისის გასვენებაზე? ვინ იტყვის საბოლოო სიტყვას, სანამ კუბოს ფხვიერი მიწა დაეყრება?

33 – სუვერენო, ის ვისაც შეუძ₾ია სიკვდილს თვალი გაუსწოროს..

ეს ჭრილობები ზურგზე.. ნუ მიხვალ ექიმებთან ფსიქიატრებთან, ათასი ჯურის ნათელმხილველებთან და მკურნალებთან. ნუ მიიღებ ტკივილგამაყუჩებლებს, ნუ დაისტეპლერებ ჭრილობას სახლის პირობებში. აცადე გადაიხსნას, შეეცადე მუცელზე იწვე, სულ ცოტაც და ჭრილობიდან ბუმბული ამოყოფს თავს. კოშარებში ღამის, დელირიუმში, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე, როცა ინტერპლანეტარულ ხილვებს ბღავი - ასე იზრდება ფრთები ზურგზე.

საბოლოო ინსტრუქციები - 01

საბოლოო ინსტრუქციები- 02

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system