თავში

4 დღე კარცერში დამაბეს და მცემდნენ, აღიარებას მთხოვდნენ - რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი

4 დღე კარცერში დამაბეს და მცემდნენ, აღიარებას მთხოვდნენ - რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი
4 დღე კარცერში დამაბეს და მცემდნენ, აღიარებას მთხოვდნენ - რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი

გიორგი ხარძეიშვილი,რომელსაც საბერძნეთის პოლიცია ახალგაზრდა ქალის მკვლელობას ედავებოდა, ტელეკომპანია "იმედთან" ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

„ოთხი დღის განმავლობაში ვყავდი დაბმული და მირტყამდნენ, რომ მეღიარებინა, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ჩამიყვანეს კარცერში, ვინც იღლებოდა, ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. არაფერს მეკითხებოდნენ, პირდაპირ მოდიოდნენ, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი. არც ქურდობის ფაქტებთან მაქვს შეხება. ჩემი დნმ-ი ამოვიდა ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. მე მანქანა მომპარეს, რომელშიც ეს ინსტრუმენტი მქონდა და ეს ინსტრუმენტიც აქვთ ნანახი“, - აცხადებს გიორგი ხარძეიშვილი.

ცნობისთვის, კაცმა, რომლის ახალგაზრდა ცოლის გვამი 11 თვის ჩვილის გვერდით იპოვეს, მკვლელობა აღიარა. იქამდე საბერძნეთის პოლიცია ეჭვმიტანილად ბრიტანელი ქალის სახლში შეჭრილ ქართველ ყაჩაღებს განიხილავდა.

32 წლის პილოტი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ცოლი სახლში შეჭრილმა ყაჩაღებმა მოუკლეს, რომლებიც 11 მაისს ათენის გარეუბანში მდებარე მათ სახლში შეიჭრნენ. მისი თქმით, სამმა ყაჩაღმა დააბა და ჯერ ცოლი მოუკლა, შემდეგ კი €15,000 წაიღო. მისივე თქმით, ყაჩაღებმა მოუკლეს ძაღლიც.

თუმცა გამოძიებისას კაროლინის smart watch-მა აჩვენა, რომ მისი გული მაშინაც ცემდა, როცა, ქმრის მტკიცებით, მკვდარი უნდა ყოფილიყო. ხოლო, ქმრის მობილურმა ტელეფონმა იმ დღის განმავლობაში ქმრის მოძრაობები გამოააშკარავა - რა დროსაც ის ამტკიცებდა, რომ გაკოჭილი იყო, სინამდვილეში სახლის გარშემო მოძრაობდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა სათვალთვალო კამერაც.

მოკლული 20 წლის კაროლინი სხვენში იპოვეს. ის 11 თვის ჩვილის გვერდით დაახრჩვეს. ბავშვი დაშავებული არ არის.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის პირველ ჩვენებას ბერძნული მედია ავრცელებს.

ქმარი დანაშაულის დეტალებს ჰყვება:

"განადგურებული ვარ, სიძულვილის გამო ჩემს ქალიშვილს ობლად გაზრდა მიუსაჯეს. 11 მაისის ღამეს ვიჩხუბეთ, მეუღლემ საწოლიდან გადმომაგდო და დავინახე, რომ ის წავიდა ბავშვის საწოლისკენ. მე მივედი მასთან და როდესაც ყვირილი დაიწყო, ხელები პირზე ავაფარე. როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ცოლი უკვე მკვდარი იყო, მოვძებნე კვალის დაფარვის გზები. თანამზრახველი არ მყოლია. მე თვითონ გავაკეთე ეს ყველაფერი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ დამაჯერებლად გამეკეთებინა. ამისთვის მოვკალი ჩემი ძაღლი და სკამზე თავი მივიბი. შემდეგ პოლიციაში დავრეკე. ამის შემდეგ მინდოდა სახლი შემეცვალა, რათა მოგონებებს გავქცეოდი," - განაცხადა ბრალდებულმა ბაბის ანაგნოსტოპულოსმა.

თავდაპირველად მკვლელობა საქართველოს მოქალაქეს ბრალდებოდა, თუმცა ქმრის აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს ბრალდება მოეხსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ბერძნულ მედიასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ.

"საქართველოს საელჩოს საბერძნეთში ჰქონდა მყისიერი რეაგირება აღნიშნულზე. საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებთან. საელჩოს ჰქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მედიასაშუალებებთან, რათა მათ გამოძიების დამთავრებამდე თავი შეეკავებინათ სიტუაციის დაძაბვისგან.

საქართველოს საელჩო მისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის აქტიურად მუშაობს მედია საშუალებებთან, იმისთვის, რომ საქართველოზე პოზიტიური იმიჯი იყოს შექმნილი," - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system