თავში

ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა სნაიპერული შაშხანით - ნიკა გვარამია

ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა სნაიპერული შაშხანით - ნიკა გვარამია
ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა სნაიპერული შაშხანით - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში განუცხადეს, რომ მის წინააღმდეგ შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დასტურდება და შემსრულებელი ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია.

გვარამიას განმარტებით, შესაბამისი ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ სნაიპერული შაშხანით მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა ერთი თვის წინ მიიღო და აღნიშნული ინფორმაცია სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრს მიაწოდა.

,,გამოკითხვის შემდეგ გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი მითქვამს. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი. ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს თავიდან ბოლომდე, რაც მე არ უნდა მეთქვა. ამით არამხოლოდ კონფიდენციალურობას და ჩემგან ჩამორთმეულ პირობას არღვევს, არამედ უქმნის საფრთხეს ჩემს სიცოცხლეს. 

ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა ეს თუ არა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. მათ დაიწყეს გამოძიება და დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება. 

შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სერიოზული და პრაქტიკულად გამორიცხავდნენ ყველაფერს, ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო ჩემს ადვოკატთან. უცებ, დღეს რეკავენ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათო. შევედი და მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. არ ვიცი თუ ეგონათ, რომ იქ ძალიან შემეშინდებოდა, ეს ასე არც ახლა არ არის. ამის შემდეგ დაამატეს, რომ ჩემს გარდა იხილებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციას მე არ უნდა მაწვდიდნენ, რადგან ჩემს საქმესთან კავშირში არ არის.

ვკითხე დასტურდებოდა თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაზეც განმიცხადეს, რომ არა, უცხოეთის მოქალაქეები არიან. 

მოკლედ, გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება, მაგრამ გაოგნებული, ვარ რომ {კონტრტერორისტული ცენტრის}უფროსის მოადგილე მოყვა შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ პირები იდენტიფიცირებულები არიან და დასტურდება. პრაქტიკულად მათ უთხრეს ჩემი დაცვა უფრო მარტივია თუ რთული, მოყვნენ ასევე რომ იგეგმებოდა ჟურნალისტის ლიკვიდაციაც, რაც არ უნდა ეთქვათ არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის" - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიას საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც მან სუს-ის თანამშრომლებთან შემდგარი საუბრის დეტალები ჟურნალისტებთან არ გაასაჯაროვა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, თავად სუს-ის წარმომადგენელმა მედიასთან საჯაროდ ისაუბრა საქმის დეტალებზე. გვარამის თქმით, ახლა უკვე ელოდება, რომ სუს-ის ვერსიით მკვლელობის დამკვეთი მიხეილ სააკაშვილი იქნება, ხოლო შემსრულებლები უკრაინის მოქალაქეები აღმოჩნდებიან.

"ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა კონფიდენციალური ინფორმაცია მომაწოდა. გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი არ მითქვამს. მათ ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი და დავზაფრავდი ყველას. ამის შემდეგ დეპარტამენტის პიარის თანამშრომელი ეკითხება ჩვენს ჟურნალისტს, ვაპირებ თუ არა ბრიფინგის ჩატარებას და იღებს პასუხს, რომ არა. ამის შემდეგ მიმართავს და ეუბნება, რომ მაშინ ჩვენ გამოვალთ და გავაკეთებთ განცხადებას. გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს, რაც მე არ უნდა მეთქვა. [...]

ახლა, უკვე ეჭვი მეპარება იმაში რომ 1 თვის წინ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო საკუთრივ სუს-ის მიერ. რისი ეჭვი მაშინაც არსებობდა, მაგრამ ახლა საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ნამდვილად ასეა.

ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, სხვა ჟურნალისტზე ლაპარაკი, ეს მიზნად ისახავს საზოგადოების, განსაკუთრებით მედია საზოგადოების დაზაფვრას. მე ახლა უკვე ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი", - თქვა გვარამიამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა რეალური საფრთხე არსებობდეს, რის გამოც გვარამიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაციები მიეცა.

როგორც მგელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system