თავში

გორში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

გორში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
გორში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

გორში, ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული 23 წლის ვასილ ოქროპირიძის ძმები ამბობენ, რომ ბრალდებულს მომხდართან შეხება არ აქვს და არც მკვლელობის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. 

მათი თქმით, ოქროპირიძე ქუჩის მუსიკოსია და ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა, სადაც ბრიტანეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, სწორედ მის მოსასმენად გაჩერდა. იქ ყოფნისას მან 4 პირი გაიცნო, რომლებთან ერთადაც ერთ-ერთ ბარში წავიდა, ხოლო ოქროპირიძე მათ არ გაჰყოლია.

"ჩემ ძმას ედავებიან დანაშაულის დაფარვას. უკრავდა ხოლმე "პადზემკაში", ალბათ იქ უსმენდნენ ის ბიჭები, ჩამოვიდა ვიღაც ტურისტი. მერე იმათ დალიეს ალკოჰოლი, ჩემი ძმის გარეშე გადაინაცვლეს ბარში, იმის შემდეგ რა მოხდა არ ვიცი უკვე", - ამბობს დაკავებულის ძმა.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, მათ ადვოკატი ცოტა ხანში მოინახულებს.

ცნობისთვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მისი შეუტყობინებლობისთვის გორში 5 პირი დააკავეს. მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია.

საქმე ეხება 7 ოქტომბრის ფაქტს, როდესაც ახალგაზრდებმა, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლს სვამდნენ, უცხოელი პირი მოკლეს და გვამი მტკვარში გადააგდეს.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებულ პირი შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, მასთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და უცხოეთის მოქალაქეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ.-მ გ.ო.-მ გ.ქ.-მ და გ.ბ. -მ ტ.კ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ტ.კ.-ის ცხედარი მდინარე მტკვარმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system