თავში

იგეგმებოდა თუ არა გაბუნიას ლიკვიდაცია - სუს-ის განცხადება

იგეგმებოდა თუ არა გაბუნიას ლიკვიდაცია - სუს-ის განცხადება
იგეგმებოდა თუ არა გაბუნიას ლიკვიდაცია - სუს-ის განცხადება

"მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ. 

"მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზეც საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს მთავარ საჯარო ინტერესს, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება," - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" მტკიცებით თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ნიკა გვარამიას თქმით აღნიშნული პირი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთას ასრულებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system