თავში

,,ოცნების" დეპუტატს თავს დაესხა და ავტომობილი გასტაცა - ქარელში მომხდარის დეტალები

,,ოცნების" დეპუტატს თავს დაესხა და ავტომობილი გასტაცა - ქარელში მომხდარის დეტალები
,,ოცნების დეპუტატს თავს დაესხა და ავტომობილი გასტაცა - ქარელში მომხდარის დეტალები

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატ ზურაბ ახმედოვს სოფელ ლეთეთში თავს დაესხნენ და ავტომობილი გასტაცეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

,,პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა 1983 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს, რომელსაც ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system