თავში

რა შინაარსის წერილი იპოვეს გაუჩინარებული რამაზ გერლიანის მანქანაში

რა შინაარსის წერილი იპოვეს გაუჩინარებული რამაზ გერლიანის მანქანაში
რა შინაარსის წერილი იპოვეს გაუჩინარებული რამაზ გერლიანის მანქანაში

უკვე მეორე დღეა ეკონომისტს, რამაზ გერლიანს ოჯახი ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი გუშინ გაუჩინარდა.

რამაზ გერლიანმა გუშინ დილით "ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს. 

„ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ! როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს... დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ. დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ. ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერდა რამაზ გერლიანი.

რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ დღეს იპოვეს. რამაზ გერლიანის ძმის, რომანოზ გერლიანის ინფორმაციით, მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება ავჭალის პოლიციის სამმართველოში გუშინ შეიტანეს. როგორც გერლიანის ძმააღნიშნა, მისი ძმის ტელეფონი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის შესახებ „ფეისბუქ“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაითიშა.

„გუშინ დილით არის ეს პოსტი გამოქვეყნებული. როგორც კი ვნახე, დავრეკე და ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამის შემდგომ, სულ გათიშული აქვს ტელეფონი, მოვახდინეთ რეაგირება და პოლიციის სამმართველოში განვაცხადეთ. საახლობლოში ვრეკავთ, ყველა ერთმანეთს ეკითხება და არ ვიცით სად არის ადამიანი.

ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ არის სადგომი, ზუსტად იქ ვნახეთ ჩემი ძმის მანქანა და იმ განყოფილებაშივე შევიტანეთ განაცხადი. მანქანის კარი ღია იყო, გასაღებიც შიგნით დევს“, - აღნიშნა რომანოზ გერლიანმა.

პოლიციელის მხრიდან გერლიანის კერძო საკუთრებაში შეჭრისა და მისი შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებს გაუჩინარებული ეკონომისტის დაც. მისივე ინორმაციით, ძმის მანქანაში აღმოჩენილია წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მის მანქანაში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული. წერილში გერლიანი სამართალდამცველების მხრიდან ყურადღების გამოჩენას და რეაგირებას ითხოვს. 

"მე ვიცი, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ძმას და ჩემი ძმის კერძო საკუთრებაში გადააჭარბა უფლებამოსილებას.

რა განცდასაც ჩემი ძმის მანქანაში დატოვებული წერილი ტოვებს, ეს არის, რომ მან უსუსურად იგრძნო თავი, რადგან სასამართლოს მიმართა და არავინ ყურადღება არ მიაქცია. საბუთების უკან არის მიწერილი, რომ იქნება ახლა მაინც მომაქციოთ ყურადღება, რომ ჩემი მანქანა გასინჯოთ, მანდ მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული, ამას ითხოვდა წინათაც, აქვს განცხადებები გაკეთებული. გვეუბნებოდა, გვაფრთხილებდა, რომ ოჯახის ყველა წევრზე მიდის მოსმენები," - აცხადებს რამაზ გერლიანის და ლანა გერლიანი.

ოჯახის ადვოკატის მაგდა კოტრიკაძის თქმით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, თუმცა ჯერჯერობთ არაა გამოკითხული ის პოლიციელი, რომლის მიმართაც რამაზ გერლიანს პრეტენზია გააჩნდა. ადვოკატი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ბოლო პერიოდში გარკვეული კონფლიქტის არსებობასაც ადასტურებს:

"დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. იკითხებიან როგორც მისი დედმამიშვილები, ასევე ყოფილი მეუღლე. ისინი ადასტურებენ, რომ გერლიანის გუშინდელ პოსტს წინ უძღოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტი და უსიამოვნება. პოლიციელთან დაკავშირებით ვესაუბრე ხელმძღვანელ პირს და დღეს მოხდება მისი გამოკითხვა. ამ დრომდე პოლიციელი, ვის მიმართაც გააჩნდა რამაზ გერლიანს პრეტენზია, არაა გამოკითხული," - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება გერლიანის ყოფილი მეუღლე. ადვოკატი და ოჯახი ვარაუდობს, რომ პოლიციელმა გერლიანის კერძო საკუთრებაში, სწორედ მეუღლის დახმარებით შეაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system