თავში

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთაში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთაში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთაში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთაში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლოს დღევანდელ პროცესზე უნდა განისაზღვროს წინა სასამართლო სხდომის თარიღი. 

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ. ისინი ითხოვენ, რომ პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმეში სახაზინო ადვოკატის ჩართვის გადაწყვეტილების მოტივი შეისწავლოს.

გაგნიძის ადვოკატების განცხადებით პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ მხარეს საქმის მასალები გადასცემოდა და გაუთქმელობაზე მოეწერა ხელი.

ასევე, ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, ბრალის წარსადგენად საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ მოიპოვება. კახიძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სწორედ ამ საკითხზე აპირებს საუბარს.

გაუთქმელობაზე ხელმოწერის გამო, ადვოკატები საქმის მასალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა მათი თქმით, საქმეში არის ახალი მოწმეების ჩვენებები. მათივე ინფორმაციით, საქმეშია გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება, რომელიც შეცვლილია და ადვოკატებს კითხვებს უჩენს.

"ახალ მასალებს სრულყოფილად ვიცნობ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახალ მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დასაცავი პირის - ნიკა რევაზიშვილის რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. ახალ მასალებში კვლავ გვხვდება გურამ ამირხანაშვილის შეცვლილი ჩვენება, თუმცა ამ შეცვლილი ჩვენებითაც კი არ დასტურდება განზრახ მკვლელობის ფაქტი," - განაცხადა ადვოკატმა. 

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გაუთქმელობის შესახებ გაფრთხილება საგამოძიებო უწყებიდან გამომდინარეობს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და მოწმეები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულები საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system