თავში

შსს: "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა იმავე დღეს იყო ცნობილი

შსს: "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა იმავე დღეს იყო ცნობილი
შსს: საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა იმავე დღეს იყო ცნობილი

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავმდამსხმელი პირის ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იმავე საღამოს იყო ცნობილი და იმავე დღიდან მიმდინარეობდა აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საძიებო სამუშაოები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ბორცვაძის თქმით, უწყებამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მოახდინა და სწორედ ამ მიზნით მოუწოდა მედია საშუალებებს, რომ ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.

"თავმდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამით მოხდა  დაუყოვნებლივ და იმავე დღიდან მიმდინარეობდა შესაბამისი მოქმედებები ამ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, რაც დღესაც გრძელდება. ჩვენ ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი გამოძიების პირველ ეტაპზე, იმიტომ, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად ვაწყდებოდით პროცესებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდეგ იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად, ჩვენს მიერ ამ ფოტოების საჯაროდ, მედიის საშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად გართულებულიყო მისი ძებნა. შესაბამისად, ჩვენ მედიასაშუალებებს გუშინ მოვუწოდეთ, რომ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია ამ ადამიანის ვინაობის შესახებ", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system