თავში

"სისხლი სდიოდა, ერთი წუთიც არ გასულა გული რომ წაუვიდა" - რას ყვება ტელეკომპანია "მთავარის" ოპერატორი

"სისხლი სდიოდა, ერთი წუთიც არ გასულა გული რომ წაუვიდა" -
სისხლი სდიოდა, ერთი წუთიც არ გასულა გული რომ წაუვიდა - რას ყვება ტელეკომპანია მთავარის ოპერატორი

მარნეულში მოხმდარი ინციდენტის დროს  ტელეკომპანია "მთავარის" ოპერატორი და ერთ-ერთი დაზარალებული ლაშა გურეშიძე Report.ge-სთან ინტერვიუში შემთხვევის დეტალებს იხსენებს. 

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც  მასთან მყოფ ჟურნალისტ, ჯეიჰუნ მუჰამედალთან ერთად "ქართული ოცნების" მხარდამჭერთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდა, მათ თავს დაესხნენ, ალყა შემოარტყეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

"გადაღებაზე ვიყავით მე და ჟურნალისტი ჯეიჰუნ ალიევი. პირდაპირ ეთერში ვერთვებოდით. ამბავი ის იყო, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე ვმუშაობდით და ბუნებრივია გვსურდა ორივე მხარე ჩაგვეწერა და სიტუაციაში გავრკვეულიყავით. "ქართული ოცნების" შტაბის ეზოში შევედით და რესპოდენტს ვეძებდით, ამ დროს უკვე ჩვენი მიმართულებით შეურაცხმყოფელი რეპლიკები მესმოდა. როდესაც მივედით ერთ-ერთ ადამიანთან ინტერვიუს ჩასაწერად, მაშინვე კამერას დაეტაკნენ და ჩხუბი დაგვიწყეს. მე ცალკე ალყა შემომარტყეს, ჯეიჰუნს ცალკე ალყა შემოარტყეს", - ყვება ლაშა გურეშიძე.

ლაშა გურეშიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მათ ალყა შემოარტყეს, ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი სხვა მიმართულებით წაიყვანეს და სცემეს. გადამღებ ჯგუფთან ერთად ტელეკომპანია "მთავარის" სტაჟიორი ჟურნალისტიც იმყოფებოდა, რომელსაც ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად.

 "ალყა რომ შემოგვარტყეს, ჯეიჰუნი სხვა მიმართულებით წაიყვანეს. მე მეჭიდავებოდნენ, რომ კამერა წაერთმიათ. ჩვენი სტაჟიორი ჟურნალისტიც ცემეს, ცხვირში მოხვდა მუშტი. როდესაც მოვიგერიე თავდამსხმელები, ჯეიჰუნს ვეღარ ვხედავდი. რამდენიმე წამში მისი ხმა გავიგე, რომ მივედი თავზე ხელს იკიდებდა და მეუბნებოდა თავი გამიხეთქესო, სისხლი სდიოდა. ერთი წუთიც არ გასულა გული რომ წაუვიდა. ჯეიჰუნის მიმართ განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ," - ამბობს გურეშიძე.

ინციდენტის დროს დაზარალდა ტელეკომპანია "პირველი არხის" ოპერატორიც, რომელსაც ლაშა გურეშიძის თქმით კამერა დაუმტვრიეს და სცემეს.

" "პირველი არხის" გადამღები ჯგუფიც იყო იქ და მათ რომ ამ ყველაფრის გადაღება დაიწყეს, ესენი მივარდნენ და კამერა დაუმტვრიეს. ოპერატორმა მითხრა, რომ მასაც სცემეს. რამდენჯერმე მეც მომხვდაო ", - იხსენებს "მთავარის" ოპერატორი.

შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ.

ასევე, მარნეულში თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ოპერატორს.

მარნეულში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, დაწყებულია გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system