თავში

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლული იპოვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლული იპოვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები
სტამბოლში ქართველი ქალი მოკლული იპოვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები

სტამბოლის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი საკუთრ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქალის ცხედარს ცემის კვალი აღენიშნება. სასიკვდილო ჭრილობები კი მას, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა, რომელთა ვინაობას არ ამჟღავნებენ, სამართალდამცავებს აცნობეს, რომ ის 2 დღის განმავლობაში მათთან კონტაქტზე არ გადიოდა. ქალის საცხოვრებელ სახლში პოლიციის თანამშრომლები და მედიკოსები გაგზავნეს, მაგრამ ადგილზე მისულებს ის გარდაცვლილი დახვდათ. პოლიცია, სავარაუდოდ, მოკლულის ქმარს ეძებს. 

report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილი ქალის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა.

როგორც report.ge-მ გაარკვია, მოკლული 32 წლის სენაკელი თამთა ჯანჯღავაა. თამთა ჯანჯღავას ახლობელი სალომე კურდღელია აცხადებს, რომ ის მეუღლის მხრიდან მუდმივად იყო ძალადობის მსხვერპლი. 

"ეს ულამაზესი გოგო თამთაა! (მიჭირს წარსულში მასზე საუბარი). ვინც მას არ იცნობდით გეტყვით, რომ თამთა ჯერ კიდევ საოცარი შვილი იყო, სანამ საოცარი დედიკო გახდებოდა თავისი შვილებისთვის! დიახ, თამთა იყო ის შვილი საკუთარ და-ძმაზე ჯერ კიდევ პატარა, დიდი გოგოსავით რომ ზრუნავდა!მერე ?! მერე დედა გახდა და მისი ყველა ფბ პოსტიდან მიხვდებით, რა მაგარი დედა იყო მისი შვილებისთვის!
დიახ, ადამიანებო ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად რომ გაამოასალმა და ვითომც აქ არაფერი მომხდარაო ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა!! (იმედია მოუსავლეთში).

მძულს ამისთანა სამყარო მე! დიახ მძულს! უფლის ნაბოძებ სიცოცხლეს რომ არაკაცები გართმევენ იმიტომ! სუსტის დაჩაგვრა ვითომ ,,ძლიერს" შეუძლია იმიტომ! არადა ,,ძლიერი" კიარადა ლაჩარი ხარ, ლაჩარი ხარ იმიტომ, რომ ამ სისაძაგლის ჩადენის მერე თვითმკვლელობაც ვერ შეძელი. იქნებ ამითი მაინც გეშველა საკუთარი ბინძური სულისთვის! იქნებ ამითი მაინც შეგემსუბუქებინა შენი შვილების წინაშე ეს უმძიმესი დანაშაული! მეზიზღება დედაშენისნაირი ქალები, შენნაირ არაადამიან, მკვლელ შვილებს რომ ზრდიან და თავი საუკეთესო დედებად მოაქვთ! თუმცა დედობაც ზოგისთვის პატივია, ზოგისთვის სასჯელი!

მაპატიე თამთა მეც და ყველას,ვისაც შეგვეძლო და არ დაგიცავით! ვინც იცოდა და ხმა არ აიმაღლა!! ვიანია, მაგრამ მე მაინც გთხოვ ჩემ წილ პატიებას! ყველა პოტენციური მკვლელია, ვინც 0,1% მაინც ეცდება იმ არაკაცის გამართლებას ნებისმიერი ფორმით! აწი გინდ ფემინოსტობა დამაბრალეთ და გინდა ქალთა უფლედამცველობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტი და ძალიან ტრაგიკულია! თამთა აღარ ჰყავს მის შვილებს, მის დედმამიშვილებს და მის ახლობლებს!

ჩემო ანგელოზად გაფრენილო თამთუ!იქით იმიერში ანათე და ასხივე აწი. აქვე ვდებ შენს პოსტებს დიდი გულისტკივილით" - წერს სალომე კურდღელია. 

თამთა ჯანჯღავას კიდევ ერთი მეგობრის, თეონა საღინაშვილის განცხადებით, ქმარი ქალს მუდმივად ემუქრებოდა და მასზე ძალადობდა. მეგობრის მტკიცებით, მას ჯანჯღავა ფოტოებსაც უგზავნიდა, რომელზეც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. საღინაშვილი ამბობს, რომ თურქეთში მყოფ მეგობარს, საქართველოდან ვერაფრით ეხმარებოდნენ. მისივე ინფორმაციით, თამთა ჯანჯღავა მეგობარს ეუბნებოდა, რომ ჩაკეტილ კარში ეძინა, რადგან ეშინოდა. ქალი ხელფასის აღების შემდეგ, თვის ბოლოს, საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა. 

"ეს ბიჭი იყო სულ აგრესიული. ძალიან ბევრს ემუქრებოდა, ამაზრზენი იყო. საშინელ სიტყვებს ეუბნებოდა და აწამებდა. სურათებიც გვანახა, როგორი ნაცემი იყო. მოკლედ, ძალიან რთული სიტუაცია იყო და აქედან ვერაფერს ვშვებოდით. მე უნდა ჩავსულიყავი თურქეთში სამი დღით, სანახავად და მითხრა, უნდა გაგაპაროს შენ ესპანეთშიო და ძალიან უცემია. ამაზე გავგიჟდი, მეთქი - გოგო, წამოდი! თვის ბოლოს წამოვალო, ჩაკეტილ კარში მძინავსო, რომ არ შემომივარდესო და თვის ბოლოს წამოვალ, ხელფასს, რომ ავიღებო. ჩემს ამბავს მოყვა მისი ცემა და ამაზე ძალიან ვნერვიულობ," - აღნიშნა მოკლულის მეგობარმა თეონა საღინაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ სტამბოლში საქართველოს მოქალაქის გვამი აღმოაჩინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system