თავში

მარნეულში პოლიციელებსა და მაშველებთან დაპირისპირებისთვის ორი პირი დააკავეს

მარნეულში პოლიციელებსა და მაშველებთან დაპირისპირებისთვის ორი პირი დააკავეს
მარნეულში პოლიციელებსა და მაშველებთან დაპირისპირებისთვის ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მარნეულში ორი პირი - 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებულებს ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მარნეულში, საველე ჰოსპიტალთან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები პოლიციელებსა და მეხანძრე-მაშველებს დაუპირისპირდნენ. ისინი კარანტინით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. 

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. მოწყობილია 12 საგუშაგო. ასევე მოეწყო საველე ჰოსპიტალი.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელებულია და 8 კლინიკიდან გაწერილია.

კარანტინის რეჟიმში 3 320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system