თავში

1 საკერავი მანქანით გორიდან ბერლინში

1 საკერავი მანქანით გორიდან ბერლინში
1 საკერავი მანქანით გორიდან ბერლინში

ქართული სამკერვალო საწარმო "ნოა"(NOA) ბერლინის მოდის კვირეულზე წარსდგა. ქართველმა დიზაინერმა და მეწარმემ მარიამ პაპიტაშვილმა Report.ge-ს უთხრა, რომ გამოფენაზე ქართული ინდივიდუალური ხაზის, ქალურობისა და ქართული ტრადიციული ნიუანსების წარმოჩენას შეეცადა.

"ბერლინის კვირეულზე ჩვენმა მოდელებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. რაც ყველაზე მთავარია, გავიცანი როგორც შემდგარი, ისე დამწყები დიზაინერები. ოფიციალური ჩვენებების შემდეგ არაოფიციალურ შეხვედრებზე გავიცანით და დავუმეგობრდით გერმანული სამკერვალო ინდუსტრიის მსხვილ მეწარმეებს. ეს კონტაქტები ძალინ გვჭირდება ჩვენ, როგორც დამწყებ და ახალბედა საწარმოს," - გვითხრა მარიამ პაპიტაშვილმა.

მეწარმე 40+ ქალის ხაზს ავითარებს და აქვს სპორტული ხაზი ახალგაზრდებისთვისაც, ამზადებს აქსესუარებსაც და ემზადება ფეხსაცმლის ხაზის დასამატებლადაც. ჯერ მხოლოდ ონლაინგაყიდვებით მუშაობს და აქვს პატარა შოურუმი გორში. ყველაფერი 5 წლის წინ სულ რაღაც 1 საკერავი მანქანით დაიწყო. როგორც report.ge-ს მარიამ პაპიტაშვილი უყვება, დიზაინერობა და საკუთარი სამოდელო ატელიეს ფლობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. სწავლის დასრულების შემდეგ მარიამმა ერთი საკერავი მანქანით და საკუთარი სახსრებით დაწყო მშობლიურ ქალაქში მუშაობა, თუმცა მის ბიზნესს არც ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონდა და არც კლიენტების სიმრავლით გამოირჩეოდა. საწყისი კაპიტალი 1000 დოლარი 19 წლის მეწარმეს მშობლებმა მისცეს. ეს თანხა მარიამმა ქსოვილების საყიდლად დახარჯა. ასე საკუთარი ძალისხმევით ერთკაციანმა საწარმომ რამდენიმე თვე იმუშავა. ახალგაზრდა სტარტაპერმა გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობა "ფონდ კრისტალისა" და USAID-ის პროექტ „Yes Georgia”-ში გამოეცადა და წარმატებული გასაუბრებისა შემდეგ „მეწარმეთა სკოლის“ სტუდენტიც გახდა. ახალგაზრდა დიზაინერმა აქ თეორიული ცოდნაც შეიძინა და დაფინანსებაც მიიღო.

"პროექტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერაც მივიღე და Yes Georgia-ს ბენეფიციარი ვარ. პროგრამაში მონაწილეობამდე, მხოლოდ 1 საკერავი მანქანა მქონდა და რამდენიმე კლიენტი. ტრენინგ კურსი, ფინანსური მხარდაჭერა და მენტორინგის პროგრამა, რომელიც განხორციელდა YES-Georgia-ს მიერ, დამეხმარა გამეზარდა ჩემი ბიზნესი და რამდენიმე თვეში საკუთარი სამკერვალოს გახსნაც კი შევძელი. შემდეგ უკვე შევქმენი საკუთარი კოლექცია და ჩვენებებში მონაწილეობაც მივიღე. მოზიდული კაპიტალით მინისამკერვალო მინდა გავხსნა და იქვე მოვაწყო შოურუმი. ამ შემთხვევაში მინიმუმ 5 თანამშრომელი დამჭირდება. ვაპირებ სამკერვალო კურსებიც დავიწყო. ეს ერთი მხრივ, დამატებით შემოსავალს გამიჩენს, მეორე მხრივ, ადგილზე გამოვზრდი კადრებს, “ - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე მარიამ პაპიტაშვილი.

მეწარმე ჯერ ექსპორტზე არ ფიქრობს. მისი 1 წლიანი გეგმა ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრებაა.

ცნობისთვის „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა’’, 2016 წელს "ფონდ კრისტალისა" და USAID-ის პროექტ „Yes Georgia” -ს ფარგლებში შეიქმნა. სკოლა გასულ წლებში სულ 574-მა ახალგაზრდამ დაამთავრა. ბიზნესპროეტი კი 225-მა კურსდამთავრებულმა წარადგინა, საიდანაც, მარიამის მსგავსად 55-მა მიიღო თანადაფინანსება. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უწევს. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’ მიღება წელსაც მიმდინარეობს და განცხადების შევსება 1 ოქტომბრამდე გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system