თავში

10 თვეში ბანკებმა 86 მლნ ლარით იზარალეს

10 თვეში ბანკებმა 86 მლნ ლარით იზარალეს
10 თვეში ბანკებმა 86 მლნ ლარით იზარალეს

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 86 მილიონი ლარით იზარალეს. არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მიერ მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის გადატანაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს სექტორი გასულ წლებში არსებულ მოგების მაჩვენებლებს დაუბრუნდება.

რა თქმა უნდა, იქნება პორტფელის გაუარესება, რა თქმა უნდა, უმოქმედო სესხები აღარ იქნება ისეთი დაბალი, როგორიც ის დღესაა. უნდა ითქვას, რომ უმოქმედო სესხები საკმაოდ დაბალი გვქონდა არამარტო რეგიონის ქვეყნებთან, არამედ უმრავლეს შესადარის ქვეყნებთან მიმართებით, მაგრამ ეს ზრდაც უმოქმედო სესხების იქნება აბსოლუტურად გადატანადი ფინანსური სისტემის მიერ, რადგანაც მათ აქვთ ძალიან კარგი ბაზა როგორც ლიკვიდობის, ასევე კაპიტალის, რომლის დაგროვებაც დროთა განმავლობაში ხდებოდა. მოგეხსენებათ, ბანკების მიერ შეფასებულმა საკრედიტო დანაკარგება 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პოტენციური ხარჯი და ზარალი, შესაძლებელია, უფრო ნაკლები იყოს. კომერციული ბანკები ახორციელებენ აქტიურ შეფასებას და მე იმედი მაქვს, რომ ეს თანხა ამდენი (1.2 მილიარდი ლარი) არ იქნება, თუმცა ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც თუ ასე იქნა, ბანკები ინარჩუნებენ კაპიტალის ადეკვატურობას და ლიკვიდურობას საკმაოდ მაღალ დონეზე და მათ ფუნქციონირებას არანაირი პრობლემა არ ემუქრება. რაც შეეხება მათ ზარალს, გატარებული რეზერვების გამო შესაძლოა, რომ 2020 წელი მათ მცირე ზარალით დაასრულონ, თუმცა სტაბილური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ისინი საკუთარ პოზიციებს შემდეგ წელს უკვე აღიდგენენ", - ამბობს კობა გვენეტაძე.

ეროვნულ ბანკის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ოქტომბერში მათი წმინდა მოგება 166 მილიონი ლარია. 

ოქტომბერში მათი საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა და შემოსავლებმა 442 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 10.%-ითაა გაზრდილი. 

თუ ბანკების მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შესაძლოა, საფინანსო სექტორმა 2020 წელი კრიზისის მიუხედავად 100 მილიონ ლარზე მეტი წმინდა მოგებით დაასრულოს.

2020 წლის 10 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.16%-ით მეტია. 

ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.66 მილიარდი ლარია რაც წლიურად 3%-იან ზრდაზე მეტყველებს, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი, 1.16 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 21%-იან ზრდაზე მიანიშნებს.

არასაპროცენტო შემოსავლები კი, 734 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში უცვლელია. შეგახსენებთ, ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის 10 თვეში 263 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 45%-ით არის შემცირებული და 39.9 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 41%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 214 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 918 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 33%-ით არის გაზრდილი და 632 მილიონ ლარს აღწევს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის ცხრა თვეში 86 მილიონი ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system