თავში

1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი ყველა დასაქმებული მიიღებს

1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი ყველა დასაქმებული მიიღებს
1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი ყველა დასაქმებული მიიღებს

მთავრობის მხრიდან 6 თვის განმავლობაში 1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი, დაქირავებით დასაქმებული ყველა პირი მიიღებს და ხელფასის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს.

თურნავას თქმით, ყველას, ვინც კი წლის დასაწყისში თუნდაც ერთი თვის განმავლობაში იღებდა ოფიციალურ ხელფასს და ოფიციალურად იყო რეგისტრირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელად, მიუხედავად ხელფასის სიმცირისა, ექნება შესაძლებლობა, ამ დახმარებით ისარგებლოს.

„ხელფასის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს. ყველას თანაბარი დახმარება მიეცემა და ამაშია ამ დახმარების სამართლიანობა. მიუხედავად იმისა, მაღალი, საშუალო თუ დაბალი ხელფასი ჰქონდა, სახელმწიფომ გამონახა რესურსი, რომ ყველას თანაბრად დაეხმაროს, თუ ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავალი უფიქსირდებოდა ერთი სამსახურიდან მაინც“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ერთ პირზე ერთი დახმარების პაკეტია განსაზღვრული.

თურნავას თქმითვე, დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში არიან, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, რაზეც 460 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

თურნავას თქმით, პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს და რომელიც მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა, ანუ მთავრობა ეკონომიკის ამოქოქვას პოსტკრიზისული გეგმით აპირებს.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესის საქართველოში გადმოტანას აპირებენ.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა გადასახადების სიმარტივისა და დაბალი მარჟით, რაც ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიციები და სწრაფად ამოქოქოს კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

დღესვე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა.

მთავრობა რეგულარული ავიარეისების აღდგენაზეც ფიქრობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system