
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალური პოლიტიკის ფარგლებში პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაცხადებული ინიციატივით ქვეყანაში ბევრი სოციალური საკითხის გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, პროგრამაზე რამდენიმე სამინისტრო იმუშავებს.
"ადამიანები, რა შემოსავალსაც იღებენ ამ სტატუსით, მათ შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს, რა თქმა უნდა, მოხდეს მუშაობასთან ერად კვალიფიკაციის გამართლება, გააქტიურება ასეთი ადამიანების. ჩვენ ასეთი ადამიანი დაახლოებით 200-250 000 ადამიანი გვყავს, ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია სტრუქტურა სოციალური დახმარების მიმღები შრომისუნარიანი ადამიანების, რომლებიც წარმოდგენილი არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადსხვა რეგიონში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი პირების შემოსავალი არათუ შემცირდება, არამედ გაიზრდება.
"რაც შეეხება ხელფასს, ყველანაირი შეიძლება იყოს. ხელფასს ახლა რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით. ერთი პრინციპი გითხარით, რომ შემოსავლები არ შემცირდება, გაიზრდება. უფრო დეტალურ ინფორმაციას გეტყვით, როდესაც დავამუშავებთ პროექტს და გვექნება პრეზენტაცია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც ეს იქნება სხვადასხვა ბაზრიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, რომ სრულად სამუშაო ძალის, ვგულისხმობთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, ეკონომიკაში ჩართვა მოვახერხოთ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. შეიძლება ეს იყოს დაახლოებით ორი წელი. მომავალ წელს, 2022-ში დიდი ნაწილის დასაქმების შესაძლებლობა უნდა შევქმნათ და ამისთვის ყველა სტრუქტურა იქნება მზად. თუ შრომისუნარიანია ადამიანი, იქნება არჩევანის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებმა სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შორის გააკეთონ არჩევანი, მაგრამ თუ ადამიანი შრომისუნარიანია, არსებობს სამუშაო და ამ სამუშაოზე უარს ამბობს, ბუნებრივია, ეს ვერანაირად ვერ იქნება მოდელის ნაწილი. არსშივე არალოგიკურია ამგვარი სისტემის არსებობა. ჩვენ გავითვალისწინებთ სხვადსხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკებს. ეს არის ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები. გვაქვს რამდენიმე მოდელი, მაგრამ არ მინდა, ყველა დეტალზე ახლა გესაუბროთ, რადგან სწორედ ამისთვის იქმნება ის უწყებათაშორისი კომისია, რომელზეც პრემიერი საუბრობდა. დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.