თავში

2019 წელს საბიუჯეტო დანაკლისის შევსება კითხვის ნიშნის ქვეშაა

2019 წელს საბიუჯეტო დანაკლისის შევსება კითხვის ნიშნის ქვეშაა
2019 წელს საბიუჯეტო დანაკლისის შევსება კითხვის ნიშნის ქვეშაა

სსფ საქართველოს მთავრობას თამბაქოს აქციზის მობილიზებაში არსებული დანაკლისის დაბალანსებისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის მისიის შეფასებით, „საგადასახადო შემოსავლების მობილიზება კარგად მიმდინარეობს, თუმცა საჭიროა დამატებითი საშემოსავლო ღონისძიებების გატარება თამბაქოს აქციზის მობილიზებაში არსებული დანაკლისის დასაბალანსებლად 2019 წელს“ -აღნიშნულია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დანაკლისის შევსება, როგორც ქართველ ანალიტიკოსებს წარმოუდგენიათ, თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდის შემცირებითა და გადასახვევი თამბაქოს აქციზის დაბეგვრით მიიღწევა. თუმცა ეს ღონისძიებებიც არასკმარისია იმ ფონზე, როცა  აქციზის მაღალი გადასახადისა და, შესაბამისად, ძვირი პროდუქტის გამო კორუფციის რისკი ქვეყანაში ძალიან მაღალ დონეზეა. ამის შესახებ report.ge-ს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში განუცხადეს.

აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ არსებული რისკის გასამკლავებლად ქვეყანა ჯერჯერობით მოუმზადებელია.

,,თამბაქოს აქციზის მობილიზებაში დანაკლისი რთულად დასაბალანსებელია, როცა ბაზარი კონტრაბანდას აქვს წალეკილი. ამ მხრივ ძალიან მძიმე სიტუაციაა. განსაკუთრებით 2 მიმართულება უნდა გამოიყოს: კონტრაბანდა, მათ შორის, არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან და იაფი თუთუნის ბაზარი, რომლის მომხმარებელი მოსახლეობის უმრავლესობა გახდა. ხალხი მასიურად გადასახვევ თუთუნზეა გადასული, რომელიც ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქტია. ჩემი ვარაუდით, სახელმწიფო სსფ-ის შენიშვნას გაითვალისწინებს და ზომების მიღებას შეეცდება. ამ მიმარღულებით მუშაობა დაწყებულია კიდეც, რადგან მთავრობა გეგმავს გადასახვევი თამბაქოს აქციზით დაბეგვრას, რამაც ბაზარზე შავი ხვრელი უნდა ამოავსოს. თუმცა ცხადია ისიც, რომ პრობლემას ვერც წელს მოაგვარებს, სამაგიეროდ კორუფციის მასშტაბი გაიზრდება. როდესაც კონკრეტული პროდუქცია მეზობელ ქვეყანაში 10%-ით იაფი ღირს, რთულია რისკს გაუმკლავდე", - განუცხადა ბაირახტარმა report.ge-ს.

ცნობილია, რომ პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს, რის შემდეგ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტს შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და, ფაქტრობრივად, ერთმანეთს გაუთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა და ფილტრიან და უფილტრო თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ქვეყანაში თამბაქოს შემოტანა სწორედ 500 გრამზე მეტი მოცულობით, ანუ თუთუნის სახით ხდება, რაც ახლა ნულოვან დაბეგვრას ექვემდებარება.შესაბამისად, ამან, როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე ათეული მილიონით დანაკლისი გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system