
სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. შესაბამისად, მისმა კლებამ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2019 წელს მშენებლობებზე 101,400 კაცი მუშაობდა, 2020 წელს კი 16%-ით ნაკლები – 85,200.
სამშენებლო სექტორში შექმნილი პრობლემების გამო, ამ სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. 2019 წელთან შედარებით სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1.5%-ით შემცირდა და 1,816 ლარი შეადგინა. 2021 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში საშუალო ხელფასმა 1,665 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი კვარტალის საშუალო ხელფასზე 2.3%-ით ნაკლებია. შემცირების მიუხედავად, სამშენებლო სექტორზე მაღალი საშუალო ხელფასი 2021 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ საფინანსო სექტორსა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო საქმიანობაში იყო.
2019 წელს საქართველოში 10,749 სამშენებლო ნებართვა გაიცა 7.5 მლნ კვადრატული მეტრის ასაშენებლად. 2020 წელს ნებართვების რაოდენობა 1,185 ერთეულით (11%-ით) შემცირდა, ხოლო ნებართვამინიჭებული სამშენებლო ფართობი – 2.3 მლნ კვადრატული მეტრით (31%-ით). 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სამშენებლო ნებართვების რაოდენობა ისევ შემცირდა 18%-ით, თუმცა ფართობის მიხედვით 237 ათასი კვადრატული მეტრით მეტ ფართობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, რაც მიანიშნებს, რომ სამშენებლო სექტორში ზრდა დაიწყება.
საქართველოში შენობები ძირითადად თბილისსა და აჭარაში შენდება. 2019 წელს, ფართობის მიხედვით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების 77% თბილისსა და აჭარაზე მოდიოდა, 2020 წელს მათი წილი 71%-მდე შემცირდა. 2020 წელს ყველაზე დიდი კლება აჭარაში იყო, გაცემული მშენებლობის ნებართვების სამშენებლო ფართობი 54%-ით შემცირდა, რაც 1.7 მლნ კვადრატულ მეტრამდე ფართობის კლებაა.