თავში

2021-24 წლებში საქართველოში მწვანე ეკონომიკა გააქტიურდება

2021-24 წლებში საქართველოში მწვანე ეკონომიკა გააქტიურდება
2021-24 წლებში საქართველოში მწვანე ეკონომიკა გააქტიურდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გამგებლობას მიკუთვნებულ მიმდინარე საკითხებზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

საკითხის განხილვამდე მაია ბითაძემ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მმართველი ძალის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია, არის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა რაციონალური მოპოვების კუთხით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით.

მაია ბითაძემ შეკრებილთ 2021-2024 წლების გეგმა გააცნო, რომლის განხორციელებასაც კომიტეტი, მთავრობასთან ერთად, გეგმავს იმისათვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებთან, ყველა იმ მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან, რომლის წევრი საქართველოს სახელმწიფოა.

კომიტეტის საქმიანობა ძირითადად ორი მიმართულებით წარიმართება - მწვანე ეკონომიკა და ქალაქსა და სოფელში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება.მაია ბითაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ კი ახალი სამართლებრივი რეგულაციების შესაქმნელად პროცესში ბიზნეს სექტორიც ადრეულ ეტაპზევე ჩაერთვება.

„ჩვენი კომიტეტის თითოეული წევრის, ჩვენი გუნდის როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია, არის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა რაციონალური მოპოვების კუთხით. მათ შორის, ასევე პანდემიიდან გამომდინარე და პანდემიის გარეშეც, ისეთი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყანაში, რომელიც ბიზნეს გაუადვილებს სამომავლო განვითარებას იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რასაც ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გვავალდებულებს კანონმდებლობის ფორმირების თვალსაზრისით. ამ კუთხით დამატებითი მსჯელობები გვექნება იმის თაობაზე, თუ როგორია კომიტეტის, პარლამენტის, ბიზნეს ასოციაციის ხედვა მწვანე ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, რა შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს და რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ ბიზნესს იმისთვის, რომ ბიზნეს გაუადვილდეს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ა. შ.“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სხდომაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის მიერ უკვე ორი მოსმენითაა მიღებული და იგი მესამე მოსმენით ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს. ბიზნეს ასოციაცია კომპანიებისთვის სწორედ იმ პასუხისმგებლობის გადავადებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად დეტექტორების შეძენაა სავალდებულო.

როგორც ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, თუ პარლამენტი მესამე მოსმენით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კანონში ცვლილებებს მიიღებს, 85 კომპანია ავტომატურად კანონდამრღვევი ხდება. მისი თქმით, კომპანიებს პრაქტიკულად აღარ აქვთ დრო, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობები, რომელიც ამ კანონით გაუჩნდებათ, შეასრულონ.

სხდომაზე კომიტეტმა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ასევე განიხილა ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა და მწვანე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.

ცნობისთვის, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს გარემოს დაცვითი მიმართულებით ბიუჯეტი მნიშნველოვნად შემცირდა. პროპორციის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში გარემოს დაცვის მიმართულების დაფინანსება 2019 წელს 17% იყო. 2020 წელს 5%-ით შემცირდა და 12-13 პროცენტამდე ჩამოვიდა. წარმოდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეს პროპორცია 3%-ით არის გაზრდილი და 15%-მდე ადის.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბრის დასაწყისში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მწვანე ბიუჯეტს“, რომელშიც თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა ასახულიყო 2021 წლის ბიუჯეტში. დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ფუნქციების განხორციელების შედეგები და განსაზღვრულია საბიუჯეტო პრიორიტეტები და მის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები 2021-2024 წლებისთვის. მწვანე ბიუჯეტი გულისხმობს სოფლის განვითარების სტრატეგიის გაფართოებას, ასევე ეკოლოგიის, ეკოტურიზმის, მწვანე ბიზნესის განვითარება-წახალისებას. აქვეა კლიმატური ცვლილებების, ბუნებრივი კატაკლიზმების სტიქიური მოვლენების პრევენციის, ნარჩენების სწორი მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები.

მწვანე ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კომიტეტმა ორგანიზაცია CENN-თან (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ერთად დაიწყო, პროექტი მუშავდებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, ასევე პროგრამულად დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან ერთად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system