თავში

2021 წელი ლარისთვის მძიმედ დაიწყო

2021 წელი ლარისთვის მძიმედ დაიწყო
2021 წელი ლარისთვის მძიმედ დაიწყო

იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე (0.3 პროცენტით), ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე (0.5 პროცენტით) გაუფასურდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის თვის განახლებულ მიმოხილვაში.

სებ-ის მიხედვით, იანვარში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.3074, ხოლო მინიმალურმა 3.2766 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.3 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.6 პროცენტი დაფიქსირდა. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 0.2 პროცენტით და თურქული ლირის მიმართ 4.4 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო რუსული რუბლისა და სომხური დრამის მიმართ 0.5 პროცენტით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის მიმართ დოლარი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

სებ-ის მიხედვით, იანვარში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების აქტივობები შემცირდა. უცხოური ვალუტით ლარის ვაჭრობა თითქმის მთლიანად სპოტ გარიგებებით ხდებოდა (98.4 პროცენტი) და 1,140.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დეკემბრის მონაცემთან შედარებით - 531.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 187.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. სპოტ გარიგებების ძირითადი ნაწილი იურიდიულ პირებზე (67.4 პროცენტი) მოდიოდა, დანარჩენი კი - შინამეურნეობებზე (23.6 პროცენტი) და არარეზიდენტ ბანკებზე (2.0 პროცენტი). საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციების წილი 7.0 პროცენტი იყო. ამ პერიოდში ჩატარებულ ორ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამურად 80.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

საერთო ჯამში, სპოტ გარიგებებით ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნამ 583.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით - 265.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წლიურად 132.1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. სეგმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ სპოტ გარიგებებით იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის ყიდვებმა 457.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, შინამეურნეობების შესყიდვები 120.0 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო არარეზიდენტი ბანკების - 6.4 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოური ვალუტის სპოტ გარიგებებით მიწოდებას, იანვარში 557.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით - 266.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წლიურად 55.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. იურიდიულმა პირებმა გაყიდეს 311.4 მლნ აშშ დოლარი, შინამეურნეობებმა - 149.3 მლნ აშშ დოლარი, არარეზიდენტმა ბანკებმა კი - 16.5 მლნ აშშ დოლარი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული აშშ დოლარი 80.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

იანვარში სავალუტო ფორვარდ გარიგებებით ბანკებსა და სხვა ეკონომიკურ აგენტებს შორის უცხოური ვალუტით ვაჭრობამ 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დეკემბრის მონაცემთან შედარებით - 9.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. ფორვარდ გარიგებების ძირითადი ნაწილი იურიდიულ პირებზე (89.2 პროცენტი) მოდიოდა, ხოლო დანარჩენი არარეზიდენტ ბანკებზე (10.8 პროცენტი). ფორვარდ გარიგებებით დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ ბანკებისგან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system