თავში

2021 წლის ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები

2021 წლის ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები
2021 წლის ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2021 წლის ბიუჯეტის მონაცემების შეფასებისას ამბობს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გადამუშავდება.

„მთავრობამ მოიწონა და პარლამენტში წარადგინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველადი ვერსია და მოხდება მისი მნიშვნელოვანი გადამუშავება. მოგეხსენებათ, Covid19-ის პანდემიის გამო, გაურკვევლობა, ჯერჯერობით, ძალიან ბევრია. თუმცა, ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტი პარლამენტში უკვე წარვადგინეთ. დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ეკონომიკურ პარამეტრებს: 2020 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება -4.9%, თუმცა 2021 წელს უკვე დავუბრუნდებით 5%-იანი ზრდის ნიშნულს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 4%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო მომავალ წელს, იქნება 3%-იან მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 2021 წელს ჩვენ გვექნება 5,1% ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ბიუჯეტის პირველად ვერსიაში არ არის ასახული პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები, თუმცა ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს.

„ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, გათვალისწინებულია სკოლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს ასევე სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს. მომავალ წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 50 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system