თავში

2023 წლიდან მოსახლეობას შეშის ყიდვა "საქმიან ეზოებში" მოუწევს

2023 წლიდან მოსახლეობას შეშის ყიდვა "საქმიან ეზოებში" მოუწევს
2023 წლიდან მოსახლეობას შეშის ყიდვა საქმიან ეზოებში მოუწევს

სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის, საშეშე მასალის ყიდვა კი მოქალაქეებს "საქმიან ეზოებში" მოუწევთ. სწორედ ამას ითვალისწინებს დღეს დადგენილი ტყითსარგებლობის ახალი წესი, რომელიც ძალაში 2023 წლიდან შევა.

"მოსახლეობისთვის, საჯარო და ბიზნეს სექტორისთვის გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა ტყის რესურსებზე - როგორც მერქნული (სამასალე, შეშა), ისე არამერქნული და, ასევე, ხე-ტყის ნარჩენის სახით, რომელიც აქტიურად გამოიყენება ალტერნატიული და ეკოლოგიური ენერგიის წყაროების საწარმოებლად (ბრიკეტები, პელეტები) და მნიშვნელოვანი რგოლია ტყეზე ზეწოლის შემცირებისთვის. გარდა ამისა, ტყის რესურსებზე წვდომა დაეფუძნება სრულიად ღია და გამჭვირვალე პროცესს - საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში", რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს. ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ., სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი)", - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

ტყითსარგებლობის ახალი წესით დადგენილია სპეციალური ტყითსარგებლობის სახეები: ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება. ახალი „ტყითსარგებლობის წესის” მიღებამდე, ასეთი რესურსებით სარგებლობა კომერციული მიზნებისთვის აკრძალული იყო. სამინისტროს განმარტებით, ახალმა კანონმა და წესმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა ასეთი რესურსის კომერციალიზაცია; ასევე, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყით სარგებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის და მისი უნიკალური ველური ბუნების ეკოტურისტულ პოტენციალს და შესაძლებელს გახდის, რომ სარეკრეაციო-ტურისტული საქმიანობები განხორციელდეს არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არამედ საქართველოს ტყის ყველა ნაწილში. 

 "ტყითსარგებლობის წესის" საბოლოო ვერსია უახლოეს მომავალში გახდება საჯარო. 

საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრა სატელიტის, ან დრონებითაც გაკონტროლდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობენ და ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორდონიანი კონტროლი წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.  ტყის არამერქნული რესურსის რეალიზაცია ნებადართული გახდა

ცნობისთვის, ხე-ტყის (მორის) მოძრაობა და მოცულობის ანგარიშგება გაციფრულდება. ამას ითვალისწინებს პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში: Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის (მორის) საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“, რომელიც დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, კომპანია „Timbeter”, კომპანიასთან „Green Advisor” ერთად, საქართველოში ხე-ტყის (მორის) მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესების ხელშეწყობის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციას დანერგავს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას, დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში.

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 350 მ3-მდე ხე-ტყე.

2020 წელს (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) 7009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი ფაქტი უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. 1 წლის განმავლობაში კი, გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების გამო დაკისრებული ჯარიმა 2,8 მლნ ლარი სცდება. მთელი 2020 წლის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 1529, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის 1247, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და 84 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევებისთვის 2020 წელს ჯამში 2,8 მლნ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარია, ამბობდა, რომ ტყის კომერციალიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ უკან ვართ და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოა. მისივე აზრით, საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ მართვა უფრო ეფექტურად არის განსახორციელებელი. 

სამინისტროსა და სახელმწიფოს პრიორიტეტი ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაა. მთავრობის განმარტებით, ახალი სატყეო პოლიტიკა ტყის ეკონომიკურ სარგებლიანობას გაზრდის.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, ტყე და მისი რესურსი ქვეყნის განვითარების პროცესში სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფასეულობაა. 2021 წლისთვის, დაგეგმილია პროექტის დასრულება. ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია კავკასიაში პირველად ხორციელდება, რაც ქვეყანას დაეხმარება ტყეების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაში.

სააგენტოს მართვის ქვეშ ქვეყნის ტყის ფონდის დაახლოებით 2 მლნ ჰექატრია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სააგენტო რეგიონული სატყეო სამსახურების მეშვეობით, ქვეყნის 9 რეგიონში ოპერირებს. (აჭარის გარდა) ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება. ასევე, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც, როგორც მოსახელობის სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმის დანერგვას, ისე კერძო სექტორის ხელშეწყობასაც გულისხმობს და ტყის მდგრად მართვასთან ერთად, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს ზრდის.

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. სამინისტროს განმარტებით, ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქმიან ეზოებში ვიდეოკონტროლი იწყება.

შარშან ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყო. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

შეგახსენებთ, ტყეს ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური დანიშნულება აქვს.

ეკოლოგიური: 1.ტყეების აღდგენა. 2. ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. 3.ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება

ეკონომიკური: 1.ორგანიზებული ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2.მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა - რეკრიაცია, ტურიზმი, არამერქნული რესურსები. ხე-ტყის დამზადების სამუშაოები განხორციელდება სააგენტოს მიერ ან მისი ზედამხედველობით, გრძელვადიანი ტყითსარგებლობა (იჯარა), ბიომასის (ბრიკეტი) წარმოების ხელწეყობა, რისთვისაც გამოიყენება ტყეში შეშად გამოუსადეგარი ნარჩენი (წვრილი, ტოტი, ნაფოტი), რაც ხელს შეწუყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას.

სოციალური: 1.სატყეო განათლების ხელშეწყობა. 2.რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა. 3.სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმები (საქმიანი ეზო ყველა მუნიციპალიტეტში) განახლებული პროფსიული სწავლება და უმაღლესი სწავლების სტანდარტები, სტაჟირებისა და პრაქტიკის სისტემა. სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებზე დასაქმებულია 100 % ადგილობრივი მოსახელობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system